ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია რამდენიმე დღიანი დაგვიანებით დასრულდება. როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
„არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება“, – განმარტავენ გაერთიანებაში.
შესაბამისად იმ ავიაკომპანიების რეისები, რომლებიც ქუთაისის მიმართულებით ასრულებენ ფრენებს 31 ოქტომბრამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან/ში განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია 10 ოქტომბრიდან დაიწყო. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებდნენ, რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ასაფრენი დასაფრენი ზოლის გეგმიური სარემონტო სამუშაოების განხორციელება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ვასილ კუნჭულიას ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდება საფუძვლის გამაგრების და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ასფალტის საფარის გადაგების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ბლექ სი ახორციელებს.