ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. აეროპორტი ივლისში 75,372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49,629 მგზავრი), რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ზრდაა რეისების რაოდენობის მიხედვით – 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, ეს 34 %-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ივლისში – 188 რეისი.
2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310,115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია (2017 წლის 7 თვე – 233,261 მგზავრი).
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.