წყარო: www.memogzauri.com

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან რკინიგზა უკვე დიდი ხანია მივიდა, უბრალოდ ეს ან მთავრობამ არ იცის, ან კიდევ არ გვიმხელენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა ერთ წელიწადში მივა. ამის შესახებ ჩოგოვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომლის თანახმადაც რკინიგზა, ტერმინალიდან, დაახლოებით, 600 მეტრის მოშორებით გაივლის.

წინაისტორია

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის წინ რკინიგზის ბაქნის მშენებლობა, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა, 2018 წელის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. ამ პრეზენტაციაზე აეროპორტის წინ თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა, მას შემდეგ იქ საძირკვლის გათხრაც არავის დაუწყია.

2018 წლის გასული წლის მაისში კვირიკაშილმა პროექტის ვადა კიდევ 1 წლით გადასწია და დასძინა, რომ დაგვიანება პროექტის თავდაპირველი ვარიანტის გადამუშავებამ განაპირობა. არც ამის შემდეგ დაიძრა საქმე. და ახლა კი აეროპორტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა ერთ წელიწადში მივა.

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა უკვე მივიდა

არადა, ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა უკვე დიდი ხანია მივიდა. რკინიგზა იქ აეროპორტის ამჟამინდელი ტერმინალის აშენებამდეც იყო და უფრო ადრეც, უბრალოდ გზის გადაღმა გადის და მაღალი ხეებით არის დაფარული.

აეროპორტის თავდაპირველი პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო რკინიგზის სადგურის და ტერმინალის ერთმანეთთან დაკავშირება დახურული მიწისზედა გადასასვლელით, მაგრამ მისი განხორციელება ხელისუფლების ცვლილების გამო ვერ მოხერხდა.

ქუთაისის აეროპორტი და რკინიგზა

როგორც ჩანს ჩოგოვაძე ახლა ამ სურათის მსგავს ვარიანტზე საუბრობს.  არის მეორე დროებითი ვარიანტიც, რომლის განხორციელება მხოლოდ რამდენიმე კვირის საქმეა.

კოპიტნარის რკინიგზის სადგური

აეროპორტის მიმდებარედ დიდი ხანია არსებობს და ახლა თითქმის მიტოვებულია “კოპიტნარის რკინიგზის სადგური”. ამ სადგურიდან აეროპორტის პარკინგამდე, ამჟამად არსებული საავტომობილო გზით ზუსტად 2 კილომეტრია.

კოპიტნარის სადგური - ქუთაისის აეროპორტი

ამ ფოტოზეც და გუგლის რუკაზეც ნათლად ჩანს, რომ სურვილის შემთხვევაშ შესაძლებელია სადგურის დასუფთავება-მოწესრიგება და მასსა და აეროპორტს შორის წრიული, ტევადი ავტობუსის “შატლის” დანიშვნა. ეს ძალიან ბევრ მგზავრს ცხოვრებას გაუადვილებდა და კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შესძენდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. და რაც მთავარია ამ იდეის განხორციელებას წლები და დიდი ხარჯები, მით უფრო პომპეზური, თეატრალიზებული პრეზენტაციები არ სჭირდება.