ქუთაისის აეროპორტის გაფართოების სამუშაოები ახალ ფაზაზე გადადის.

აეროპორტის ახალი ტერმინალის მწვანე სახურავის, ვიტრაჟების და ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს კომპანია “ანაგი” შეასრულებს. ამ მიზნით 15.8 მლნ ლარი დაიხარჯება.

GBC-ის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის გაფართოების შემდეგ იქნება 2 დარბაზი.   1 ძირითადი დარბაზი – განკუთვნილია მგზავრების მიღებისთვის, რეგისტრაციისთვის და მე-2  იქნება ჩამოფრენის  დარბაზი.

ცენტრალურ ნაწილში მოხდება 4 სართულის-მეზანინის დაგეგმარება, ჩამოფრენის დარბაზში ასევე მოეწყობა ანტრესოლი/მეზანინი საოფისე სივრცეებისთვის. სარდაფი სართული ძირითადად განკუთვნილია საბარგო ოპერირებისთვის, აქ ასევე განთავსდება საინჟინრო დანადგარებისთვის საჭირო ოთახები/სივრცეები, საწყობები, სასადილო და სან-კვანძები საშხაპეებით თანამშრომლებისთვის.

აეროპორტში იქნება კაფე-რესტორანი და „ლაუნჯი“, საიდანაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ სახურავზე მოწყობილ ამფითეატრულ ტერასაზე.

აეროპორტის   ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობას 26.4 მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.