უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო  საჰაერო საზღვარს უპირობოდ ხსნის ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს თუ რა პროცედურებია საჭირო საქართველოში როგორც ტურისტული ასევე ბიზნეს ვიზიტებისთვის.

“30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ.აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. შედეგად მოხარული ვართ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან და ესტონეთიდან მოქალაქეები და რეზიდენტები უპირობოდ შეძლებენ საქართველოში შემოსვლას.

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, შესაბამისი უწყებების მხრიდან  მიმდინარეობდა  მოლაპარაკება ევროკავშირის კონკრეტულ წევრ ქვეყნებთან. მოხდა ორმხრივი შეთანხმება პირობებზე და აღინიშნა, რომ ყოველ ორკვირაში ერთხელ ეს შეთანხმება განახლდება, როგორც ჩვენი ასევე ევროკავშირის მხრიდან ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვდგამთ თითოეულ ნაბიჯს და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტებს, რომლებიც მალე ეწვევიან საქართველოს ჩვენ კერძო სექტორთან ერთად შევქმენით COVID-19-თან ადაპტირებული რეგულაციები სასტუმროს, კვების, ტრანსპორტის,  ტურისტული გიდების, ასევე აეროპორტებში უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვის მიმართულებით

საერთაშორისო ვიზიტორთათვის და ბიზნესმენებისთვის შეიქმნა პორტალი, აეროპორტები აღიჭურვა ყველა საჭირო ტექნიკით. საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად მგზავრებს 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტშივე ჩაუტარდებათ PCR ტესტი”, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უპირობო საზღვრის გახსნის პრინციპი დაფუძნებულია ორი ქვეყნის მოლაპარაკების შედეგად.

„ჩვენ ხუთივე ქვეყნის მოქალაქეებს და რეზიდენტებს მივიღებთ ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტის, COVID-პასპორტის თუ სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე. თუმცა მინდა ხაზგასმით ვთქვა, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო მიმართულების სტატუსი და მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის იმპორტირების რისკები შემდეგი აქტივობები განხორციელდება. პირველი და უმთავრესი საქართველოში ჩამოსვლამდე ტურისტებმა შესაბამის პლატფორმაზე უნდა შეავსონ მონაცემები, ჩვენ გვექნება ინფორმაცია მათი სამოგზაურო ისტორიის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი ბოლო 14 დღის განმავლობაში 5 ქვეყნის რეზიდენტი ან მოქალაქე იმყოფებოდა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში, რომელიც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფშია მაშინ ამ მოქალაქეს მოუწევს კარანტინის გავლა.  

აპლიკაციაში ტურისტები შეავსებენ თუ რომელ სასტუმროში განთავსდებიან, შეიყვანენ საკონტაქტო ინფორმაციას, არის თუ არა ტურისტული კომპანია მათი მოგზაურობის ორგანიზატორი და ა.შ.  შემდეგ ისინი ეწვევიან საქართველოს და თანხმობის შემთხვევაში აეროპორტში ჩაუტარდებათ PCR ტესტირება. შემდეგ გააგრძელებენ საქართველოში მოგზაურობას. მათთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი იქნება სპეციალური ქოლ-ცენტრი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

ცალკე პროექტი შემუშავდა ბიზნეს მოგზაურებისთვის. ნებისმიერი პირი, ნებისმიერი ქვეყნიდან ვინც საქართველოში ბიზნეს ვიზიტის ფარგლებში ჩამოსვლას დააპირებს წინასწარ შეავსებს სავალდებულო აპლიკაციას. ბიზნეს ვიზიტორებს საქართველოს მთავრობის და შესაბამისი უწყების ნებართვა ექნებათ, რომ არ მოუწიოთ სავალდებულო კარანტინი, მაგრამ ვალდებულები იქნებიან  ყოველ 72 საათში  PCR ტესტირება გაიარონ, რომ ერთის მხრივ არ შეფერხდეს მათი ბიზნეს-ოპერირება საქართველოში და ამავდროულად ჩვენ ვიზრუნოთ იმ უსაფრთხო გარემოზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მწვანე ზონებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.

ნებისმიერი ქვეყნიდან საქმიანი ვიზიტებით ბიზნესმენების  საქართველოში  შეუფერხებლად შემოსვლა დამატებითი სტიმული იქნება  ტურიზმის ინდუსტრიისთვის,  რადგან ბიზნეს ვიზიტორები სარგებლობენ განთავსების,  კვებით ობიექტებით,  იყენებენ როგორც სატრანსპორტო ასევე  გიდის სერვისებს. ტრადიციულად ტურიზმის ჯამურ სტატისტიკაში ბიზნეს ვიზიტებს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი წილი რადგან გამოირჩევიან მაღალი მხარჯველუნარიანობით,“- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში საქმიანი ვიზიტისთვის ჩამომსვლელ პირს ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.