ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო აქტაუს აეროპორტის მახლობლად მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების პროცესს განაგრძობს. უწყების განმარტებით, საგამოძიებო კომისია მუშაობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. მიუხედავად რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებებისა, ყაზახური მხარე პროცესის შეწყვეტას არ გეგმავს და საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას აანონსებს, სადაც დეტალურად იქნება ასახული შემთხვევის მიზეზები, დასკვნები და შესაბამისი რეკომენდაციები.
ტრაგიკული შემთხვევა 2024 წლის 25 დეკემბერს მოხდა, როდესაც ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიმავალი Embraer 190 ტიპის ხომალდი ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან (ეკიპაჟის ჩათვლით) კატასტროფას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 29 მგზავრმა კი გადარჩენა მოახერხა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის მიზეზად რუსეთის საჰაერო სივრცეში, კერძოდ გროზნოს თავზე, ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში აზერბაიჯანი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ ტრაგედიის შედეგების მოგვარებაზე, რაც მსხვერპლთა ოჯახებისა და დაშავებულებისთვის კომპენსაციების გადახდასაც ითვალისწინებს. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს საბოლოო დასკვნა აღნიშნულ საქმეზე უახლოეს მომავალში, უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გახდება ხელმისაწვდომი.












