არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ირანში, ერაყსა და ლიბანში მოგზაურობაზე მკაცრი აკრძალვა დააწესა. შესაბამისი განცხადება საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უწყება მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომელიც ამჟამად აღნიშნულ სახელმწიფოებში იმყოფება, რაც შეიძლება მალე დატოვონ მათი ტერიტორია და სამშობლოში დაბრუნდნენ.

საგარეო უწყების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება რეგიონში განვითარებულ ბოლო მოვლენებს უკავშირდება, თუმცა კონკრეტული მიზეზები და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ სახელდება. აკრძალვა ეხება ნებისმიერი სახის ვიზიტს და მიზნად ისახავს საამიროების მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას შესაძლო გართულებების ფონზე.