ყაზახეთში სამოქალაქო ავიაციის განვითარების მასშტაბური მასტერ-გეგმის (CAMP) შემუშავება დაიწყო, რომელიც ქვეყნის საავიაციო სექტორის 2050 წლამდე განვითარების სტრატეგიულ ჩარჩოს განსაზღვრავს. პროექტი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ექსპერტთა ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ყაზახეთის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრმა, ტალგატ ლასტაევმა და ICAO-ს პროექტის კოორდინატორმა, ლუიზა სტოლსმა, პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს, რაც დოკუმენტზე მუშაობის ოფიციალურ დაწყებას ნიშნავს.

ვიცე-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი გახდება სტრატეგიული საფუძველი მთელი საავიაციო სისტემის დაბალანსებული და ხარისხიანი ზრდისთვის, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ყაზახეთის მთავრობისთვის ავიაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რაც აეროპორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში, ავიაკომპანიების ავიაპარკის განახლებასა და უპილოტო საფრენი აპარატების სექტორის განვითარებაში გამოიხატება.

ICAO-ს ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბაზრის ძირითად მოთამაშეებთან და არსებული სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზი. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის დამოუკიდებელი შეფასება ყაზახეთს დაეხმარება ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანი და რეალისტური მოდელი, რომელიც ქვეყნის საავიაციო პოტენციალს გრძელვადიან პერსპექტივაში მაქსიმალურად აითვისებს.