საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გლობალურ სიმპოზიუმზე (GISS 2026) ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთმა საავიაციო უსაფრთხოების მიმართულებით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოების მაჩვენებელი 62%-დან 95,7%-მდე გაიზარდა, რამაც მას მსოფლიოს წამყვან 20 ქვეყანას შორის ადგილი დაუმკვიდრა.

ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა, ტოშიიუკი ონუმამ, ყაზახეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის საქმიანობაში. ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სალტანატ ტომპიევამ აღნიშნა, რომ 2025 წელს მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 80%-ით გაიზარდა. ფრენების უსაფრთხოების დონემ კი 82%-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიო (69,3%) და ევროპულ (76%) საშუალო მაჩვენებლებს.

ქვეყანა ავიაციის სფეროში მასშტაბურ რეფორმებს აგრძელებს: იქმნება ტრანსპორტზე მომხდარი შემთხვევების მოკვლევის დამოუკიდებელი ორგანო, ასტანაში იხსნება თანამედროვე საავიაციო სასწავლო ცენტრი და ხორციელდება ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროგრამა. გარდა ამისა, ყაზახეთი გეგმავს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ICAO-ს საბჭოს წევრობაზე. 2026 წლის 20–22 ოქტომბერს კი ქვეყანა უმასპინძლებს გლობალურ სიმპოზიუმს საავიაციო უსაფრთხოების საკითხებზე (ICAO Security Week), რაც რეგიონისთვის უპრეცედენტო მასშტაბის მოვლენა იქნება.