ავიაკომპანია Brussels Airlines-მა გააფორმა პარტნიორობა ლუვენის რეგიონის მცირე საოჯახო საწარმოსთან, Ralph & Roxy’s-თან. ამიერიდან, ბელგიური ხელნაკეთი (artisan) ნაყინი ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ყველა შორ მაგისტრალურ (long-haul) რეისზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ავიაკომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 420,000 ქილა ნაყინს შეისყიდის.
Ralph & Roxy’s-ის ისტორია ფილიპ ბოგარტის ავტოფარეხში დაწყებული ჰობი–პროექტით დაიწყო. Brussels Airlines-თან პარტნიორობამ მცირე წამოწყება პროფესიონალურ ბრენდად აქცია და მას საერთაშორისო ცნობადობა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე ნაყინი მხოლოდ ბიზნეს–კლასის მენიუს ნაწილი იყო, ახლა მას სამივე კლასის (ბიზნეს, პრემიუმ ეკონომ და ეკონომ) მგზავრები დააგემოვნებენ. ეს ინიციატივა ავიაკომპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ბელგიური ხელოსნობისა და ადგილობრივი მეწარმეობის პოპულარიზაციაა. კომპანიაში ამას „ბელგიის პატარა ნაწილს ჰაერში“ უწოდებენ.












