ქართული წარმოების ტრადიციული რეწვის პროდუქცია უკვე აეროპორტის Duty Free მაღაზიაში იყიდება. როგორც USAID Georgia-ში განმარტავენ, USAID-მა ხელი შეუწყო თურქულ კომპანია ATU-ს და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციას შორის მოლაპარაკებებს, ხარისხიანი ქართული პროდუქციის პორტფელში ჩართვის შესახებ.
შედეგად ATU Duty Free-მ ასოციაციის წევრების ხელნაკეთი ნივთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაღაზიებში განათავსა.
„ნივთებმა მოგზაურთა ინტერესი მიიპყრო. რეალიზაცია იმდენად მაღალი იყო, რომ ATU-მ ერთ კვირაში მეორე შეკვეთა გააკეთა!“, – აცხადებენ USAID-ში.
აღსანიშნავია, რომ ATU Duty Free TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა. ATU Duty Free Georgia კი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 2007 წლიდან ოპერირებს. რაც შეეხება ქუთაისს მან ახლახანს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Duty free-ის ობიექტის მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში გაიმარჯვა.
ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში. ATU Duty Free დაფუძნებულია TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ და არის თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანია, რომელიც მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.