„მუსიკალური ქარავანი“ – ეს არის ტურისტული მოძრაობა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს ტურისტულ ღონისძიებებს გემოვნებიან მუსიკოსებთან ერთად. ამ პროექტს ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ აქვს, – განაცხადა მუსიკოსმა და „ქარავანის“ დამფუძნებელმა ნინო ბაშარულმა.
„ქარავანსა“ და ტურისტულ კომპანია „გოუ ტურს“ შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც იგეგმება ყოველთვიურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უნიკალური ტურების მოწყობა საზოგადოებისთვის საყვარელ მუსიკოსებთან ერთად.
როგორც ნინო ბაშარულმა განაცხადა, პროექტის მიზანია ქართველი მუსიკოსების შემოქმედებითი ხარისხისა და მოტივაციის ამაღლება, რეგიონების მეტად განვითარება და მომხმარებლისთვის დაუვიწყარი დღეების ჩუქება.
„ეს არის საოცარი, ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე პროდუქტი და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი კომპანია ჩაერთო ამ დიდ საქმეში. ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ჯგუფური ტურების მოწყობის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და „ქარავანთან“ ერთად ჩვენი მომხმარებელი კიდევ უფრო მეტ დაუვიწყარ ემოციებს მიიღებს, – განაცხადა „გოუ ტურის“ დირექტორმა ნინო წიკლაურმა. მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ როგორც კერძო ბიზნესები, ასევე სტუმართმოყვარეობის სფეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები, გვერდში დაუდგებიან ამ პროექტს.
„პირველი ტური სტარტს უკვე სექტემბერში აიღებს, ხოლო ყოველი წლის ზაფხულში გაიმართება “მუსიკალური ქარავანი”-ს ფესტივალი, იმ მომღერალთა და მუსიკოს-შემსრულებელთა მონაწილეობით, რომლებიც მოგზაურობდნენ მასთან ერთად”, – აცხადებს ნინო ბაშარული.