ავიაკომპანია Qantas-ის ორმა თვითმფრინავმა ერთმანეთს 150 მეტრის სიახლოვეს ჩაუფრინეს. ავსტრალიის უსაფრთხოების ბიურო (ATSB) აღნიშნულ ფაქტს “სერიოზულ ინციდენტს” უწოდებს. როგორც გაირკვა ამ დროს აეროპორტში სტაჟიორი მორიგეობდა. ATSB-ის ინფორმაციით, სტაჟიორი ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ მორიგეობდა.
თავად ინციდენტი კი 2019 წლის 5 აგვისტოს მოხდა. Qantas-ის კუთვნილ A330-ს სიდნეის აეროპორტიდან აფრენის ნებართვა მიეცა, ეს იმ დროს, როდესაც ამავე ავიაკომპანიის კუთვნილი Boeing 737 იმავე ასაფრენ/დასაფრენ ზოლზე დაჯდომისთვის ემზადებოდა. ვინაიდან ორ საჰაერო ხომალდს შორის სათანადო მანძილი არ რჩებოდა, სტაჟიორმა Boeing 737-ს მეორე წრეზე წასვლის განკარგულება მისცა.
თუმცა აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საჰაერო ხომალდებს შორის სავალდებულო ინტერვალის დარღვევა გამოიწვია. ATSB-ის ანგარიშის მიხედვით, მისადგომის რაიონში თვითმფრინავების განლაგება არ შეესაბამებოდა დადგენილი ეშელონირების მინიმუმს.
ორ საჰაერო ხომალდს შორის მანძილი, რომ გაეზარდა ავიამეთვალყურემ Boeing 737-ს დირექტივა მისცა მინიმალურ სიმაღლეზე მარჯვნივ გადახრილიყო. Boeing 737-ი კი ამ დროს ფრენას 300 მეტრის სიმაღლეზე ასრულებდა. თვითმფრინავებმა საკმაოდ ახლოს ჩაუარეს ერთმანეთს. A330-ში შეჯახების საგანგებო სისტემაც კი ჩაირთო.
თვითმფრინავის პილოტები ერთმანეთს და თვითმფრინავის მოძრაობებს კარგად ხედავდნენ. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და A330 1525 მეტრზე წარმატებით აფრინდა. თავის მხრივ Boeing 737–ი მეორე წრეზე წავიდა და წარმატებით დაჯდა.
ინციდენტის გამოძიება კვლავ გრძელდება.
Qantas-ში განმარტეს, რომ შეჯახების საშიშროება არ იყო, იმ შემთხვევაშიც კი თუ თვითმფრინავები ფრენის ტრაექტორიას არ შეცვლიდნენ.