ფინიკე – ეს არის ანტალიის ისტორიული ქალაქი, რომელიც რამდენიმე დღის წინ Cittaslow-ს საერთაშორისო ასოციაციში გაწევრიანდა. Cittaslow (“ნელი ქალაქი”) არის ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მისი საერთო ტემპის შენელებით, რაშიც მდგრადი და მშვიდი ცხოვრების წესის დანერგვა მოიაზრება. სწორედ ასეთ ქალაქებს შორის აღმოჩნდა ფინიკე, რომელსაც ორგანიზაციის მხრიდან ჩატარებული კვლევების შედეგად, „მშვიდი უბნის“ წოდება მიენიჭა. ამან კი, ტურისტული მიმართულებით კიდევ უფრო განამტკიცა მისი რეპუტაცია.
ანტალიის სამოთხე – ფინიკე
მიუხედავად იმისა, რომ ფინიკე ტერიტორიულად არის მცირე ზომის, მაინც მნიშვნელოვან პოპულარულ ტურისტულ ზონად ითვლება, რომელიც თავისი შესანიშნავი ბუნებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და გასტრონომიული კულტურით ყველას აოცებს. ამბობენ, რომ ეს ადგილი, რომელიც ძველ დროში ფინიკოსის (Phoenicus) სახელით იყო ცნობილი, ფინიკიელებმა ძვ.წ 500 წელს დააარსეს. აქ ბევრი ისტორიული ნაგებობა და ძველი ქალაქია, სადაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ცივილიზაცია არსებობდა. მაგალითად, ერთ-ერთი არის უძველესი ქალაქი ლიმირა, რომელიც საშუალოდ ორი ათასი წლის ისტორიას ითვლის. ასევე არიკანდა, რომელიც სოფელ არიფის საზღვრებში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აქ არქეოლოგიური კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ფინიკეს ისტორიის შესახებ ისევ ხდება ახალ-ახალი დეტალების აღმოჩენა.
ფინიკე უნიკალური დასასვენებელი კურორტია თავისი თვალწარმტაცი ბუნებითა და სასიამოვნო პლაჟებით. მაგალითად, აქ ტურისტებს იზიდავს გოკბუკის კანიონი (Gökbuk Canyon), რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 4 კილომეტრზე. სულუინის მღვიმე (Suluin Mağarası), სადაც სტალაქტიდები, ტრავერტინები და დიდი და მცირე ზომის აუზებია თავმოყრილი. ასევე გოკლიმან ბეი (Gökliman Bay), ანდრეა დორიას ყურე და სხვა მრავალი საინტერესო ადგილი, რომლებსაც ტურისტები ქემფინგის, პიკნიკისა და სხვა აქტივობების განსახორციელებლად იყენებენ.
აღსანიშნავია ფინიკეს კულინარიული კულტურა, რომელიც სტუმრებს არაჩვეულებრივ გურმანულ გამოცდილებას სთავაზობს. ამ პატარა ქალაქში არის ბევრი რესტორანი, კაფე თუ სხვა კვების დაწესებულება. აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ადგილობრივი რეცეპტებით დამზადებული ხმელთაშუა ზღვის თევზი და დატკბეთ ზღვის ულამაზესი ხედებით. აუცილებლკად უნდა აღვნიშნოთ ფინიკეს იშვიათი ფორთოხალი, რომელიც აქ სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
Cittaslow-ის შესახებ
„ნელი ქალაქის“/ Cittaslow-ის ორგანიზაცია 1999 წელს იტალიაში შეიქმნა. იმისათვის, რომ ნებისმიერმა ქალაქმა მისი წევრობა დაიმსახუროს, მან 70 სხვადასხვა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. Cittaslow-ის ქსელის წევრ ქალაქებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აფასებენ, რა დროსაც ასოციაციის მხრიდან ხდება გარემოს, ინფრასტრუქტურის, ურბანული ცხოვრებისა და ტურიზმის პოლიტიკის გათვალისწინება, ასევე იმასაც აქცევენ ყურადღებას, თუ როგორია ქალაქი ხელოვნების სფეროს, სოციალური ინტეგრაციისა, სტუმართმოყვარეობის კუთხით და რამდენად აქვს მას შენარჩუნებული თავდაპირველი არქიტექტურა, წეს-ჩვეულებები, ადგილობრივი სამზარეულოს კულტურა და ისტორიული იდენტობა. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქმა ზემოაღნიშნული ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, მას საშუალება ეძლევა, აღმართოს ამავე ორგანიზაციის დროშა, რომელზეც გამოსახულია ლოკოკინა. მასში გაწევრიანება კი შეუძლია მხოლოდ იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობაც 50 000 კაცს შეადგენს. Cittaslow-ს მოძრაობა შექმნიდან სწრაფად გაფართოვდა მთელ მსოფლიოში და იგი მალევე საერთაშორისო ორგანიზაციად გადაიქცა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს „ნელ ქალაქად“ პირველად აღიარეს სეფერიჰისარი, რომელსაც მოჰყვა ფინიკე, აჰლათი, აკიაკა, ეგირდირი, გოქჩეადა, ჰალფეთი, იზნიქი, ქემალიე, შავშათი და სხვ.
Cittaslow საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი 2023 წლის 14-15 აპრილს შეიკრიბა პოლონეთში და ფინიკეს თავის ქსელში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.