PostalON-ი ამანათების დაგვიანების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ავიაკომპანიების მიერ გახშირდა გეგმიური რეისების განრიგების დარღვევა, რამაც ამანათების ჩამოტანის ვადების გადაწევა გამოიწვია.
“ცნობილია, რომ ამანათების ტრანსპორტირების სერვისი ბევრი ნაწილისგან შედგება. მათ შორის მთავარი შემადგენელი ავიაკომპანიის მომსახურებაა.
უკვე 2 თვეა პარტნიორი ავიაკომპანიების მიერ გახშირდა გეგმიური რეისების განრიგების დარღვევა, რამაც გამოიწვია ამანათების ჩამოტანის ვადების გადაწევა.
აღნიშნულის გამო ჩვენს მომხმარებლებს შეექმნათ პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ PostalON-ის გუნდი ყველაფერს ცდილობდა ეკონტროლებინა განრიგები და მაქსიმალურ ზეწოლას ახდენდა ავიახაზებზე, ეს ჩვენ არ გვიხსნის პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე. ამიტომ, PostalON-ის გუნდი ბოდიშს უხდის ყველა იმ მომხმარებელს, რომელთა ამანათების ჩამოტანის ვადები დაირღვა”, აღნიშნულია PostalON-ის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მიღწეულია სტრატეგიული შეთანხმებები ალტერნატიულ ავიახაზებთან და ამანათების ჩამოტანა განხორციელდება ახალი ფორმატით, იმავე სიხშირის დაცვით, თუმცა, განრიგის მცირე ცვლილებებით.
„ახალ ფორმატზე გადასვლა მოხდება უკვე მომდევნო კვირიდან, 27 აგვისტოს მისული ამანათების ჩათვლით.
ამ რეფორმით მნიშვნელოვნად შემცირდება ტრანსპორტირების ვადები და დასტაბილურდება ჩამოტანის დღეებიც”, აცხადებენ PostalON-ში.