კომპანია „თამ-მენეჯმენტმა“ დაამუშავა და შექმნა პროექტი უპილოტო თვითმფრინავისა, სახელწოდებით „T-31“, რომელიც სრულად ადაპტირებულია, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა სამხედრო მისიებში.
„ორი წლის წინ, როდესაც დავიწყეთ მუშაობა დრონის კონცეფციაზე, ჩვენთვის ნათელი იყო, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს სერიოზული მომავალი ექნებოდა, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ვაჟა თორდიამ, – პროექტზე აისახა პოტენციური დამკვეთის, სამხედრო საჰაერო ძალების მოთხოვნები, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი ფასის, მოწინავე პროგრესული მასალისა და ტექნოლოგიის წყალობით, პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი მზადაა, დაიკავოს ღირსეული ადგილი ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებაში.
იგი თავიდანვე შეიქმნა სამხედრო დანიშნულებით და არმიის საჭიროების მრავამხრივი გამოყენებისათვის, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენი კომპანია, როგორც ყოველთვის, არც ახლა ჩამორჩა მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას. დრონები პოპულარობის პიკზეა მთიანი ყარაბაღის ომში წარმატებულად გამოყენების გამო. ყველასთვის ყურადღების ცენტრში იყო ვიდეოკადრები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორი ეფექტურობით მიჰქონდათ მათ იერიში მიწისზედა სამიზნეებზე. ამიტომ მთელ მსოფლიოში იფეთქა ინტერესმა სამხედრო დრონების მიმართ, ბევრმა სახელმწიფომ მათში მომავლის ომების სიმბოლო დაინახა, რის გამოც დაიწყეს თავიანთი მიდგომების გადასინჯვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში.
პირველად დრონების გამოყენება სამხედრო დანიშნულებით ამერიკელებმა დაიწყეს, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტმა მეტად ნათელი გახადა ამ იარაღის ეფექტურობა. აზერბაიჯანულმა მხარემ თურქული და ებრაული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენა. რამდენიმე პარამეტრით ქართული „T-31“ არათუ ჩამორჩება, არამედ უსწრებს ამ ანალოგებს. პროექტით გათვალისწინებულია მისი აღჭურვა ოპტიკურ-ელექტრონული და რადიოლოკაციური გადამცემების სისტემებით, რომელთა მეშვეობით განხორციელდება სამიზნის კოორდინატების აღმოჩენა და განსაზღვრა; ასევე მაზე ყენდება განადგურების შეიარაღება; აპარატს 350 კგ-იანი შეიარაღებით შეუძლია, განახორციელოს ფრენა 24 საათის განმავლობაში, სადაზვერვო ერთეულზე დამატებითი საწვავი ავზების გამოყენების შემთხვევაში კი ფრენის ხანგრძლივობა 72 საათით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ანალოგთან მიმართებაში,
„თამ-მენეჯმენტი“ მზადაა, დაფინანსების შემთხვევაში, გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, მიიღოს შეკვეთები და დამკვეთს მიაწოდოს სრული საბრძოლო აღჭურვილობის მქონე სერტიფიცირებული უპილოტო საფრენი აპარატი!“ – აღნიშნა კომპანია „თამ-მენეჯმენტის“ დირექტორმა ვაჟა თორდიამ.
წყარო: IPN