პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.
მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება ინსპექტირების პროცესი, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ფრენის უსაფრთხოებას.
კანონპროექტის თანახმად, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს მიენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება ალკოჰოლურ სიმთვრალეზე.
ამასთან, კანონში შევა რიგი რედაქციული ცვლილებები, რაც უზრუნველყოფილი იქნება მოძველებული შინაარსის ნორმების ამოღებით ან ცვლილებების შეტანით თანამედროვე მოთხოვნებთან კოდექსის ადაპტირების მიზნით.
ცვლილება შედის „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის“ ტერმინის განმარტებაში და ყალიბდება ახალი რედაქციით, „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი“. ასევე ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმები დგინდება უშუალოდ ავიაკომპანიის ან საწარმოს მიერ.
პარლამენტმა ცვლილებებს 75 ხმით მხარი დაუჭირა.