COVID-19-ის პანდემიის დასრულებისა და ფრენების განახლების შემდეგ მგზავრებს ბევრი სიახლე ელოდებათ. მათ შორის იქნება ავიაბილეთებზე გაზრდილი ფასი, განახლებული ჩასხდომის სისტემა და ნიღბების ტარების ვალდებულება.
COVID-19-ი და მისგან გამოწვეული შეზღუდვები გლობალურ სამგზავრო გადაზიდვებში ბევრ ცვლილებას მოახდენს. საჰაერო შეზღუდვების შემდეგ, ავიაბილეთების ფასები აუცილებლად გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ფასები პანდემიამდე არსებულ ფასებთან შედარებით ნახტომისებრი იქნება. თუმცა ფასების ზრდის დონე მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ავიაკომპანია გამოაკლდება ბაზარს. დღეს საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გაკოტრების პირასაა და აკრძალვების შედეგად მილიონებს კარგავს. რაც უფრო მეტი ავიაკომპანია გაკოტრდება და თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, მით უფრო მცირე იქნება კონკურენცია. კონკურენციის არარსებობის პირობებში კი ტარიფების ზრდა გარდაუვალია.
გარდა ამისა ავიაკომპანიებს ბორტზე მგზავრებს შორის დისტანციის დაცვა მოუწევთ, ამ ფონზე კი თვითმფრინავი ნახევრად სავსე შეიძლება იყოს. ეს კი თავის მხრივ ბილეთს გააძვირებს. სოციალური დისტანციის დაცვის მოტივით ავიაკომპანიებს შუა სავარძლებზე უარის თქმა მოუწევთ. ფასების გაზრდის პროგნოზს არ ეთანხმებიან ავიაკომპანია Raynair-ში.
მოსალოდნელია, რომ სოციალური დისტანციის დაცვა საჰაერო მოგზაურობისას სხვა ასპექტშიც გამოვლინდეს. შესაძლებელია ბორგამცილებლებს მგზავრებთან ნაკლები კომუნიკაციის დირექტივაც მისცენ. ამან კი შესაძლოა გავლენა იქონიოს მომსახურების და ბორტზე საკვების ხარისხზე.
ასევე იგეგმება ჩასხდომის პროცედურების გადახედვაც. თვითმფრინავში შესვლის ნებას პირველად იმ მგზავრებს დართავენ, რომლებიც საჰაერო ხომალდის ბოლოში სხედან. ამ ფონზე კი ჩასხდომის პროცედურა აუცილებლად გახანგრძლივდება, რაც თავის მხრივ ავიაკომპანიისთვის დამატებითი ხარჯია.
ასევე იგეგმება, რომ მგზავრებს და ეკიპაჟის წევრებს ნიღბების ტარების ვალდებულება ჰქონდეთ.