COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, თურქეთი აეროპორტ სტამბოლის გაფართოებას განაგრძობს. ამ დროისათვის აეროპორტის რიგით მეხუთე ასაფრენ/დასაფრენი ზოლი შენდება. საჰაერო ხომალდები აღნიშნული ბილიკით სარგებლობას 18 ივნისიდან შეძლებენ, რაც აფრენამდე თვითმფრინავების მოძრაობის პერიოდს 50%-ით შეამცირებს. 

ამ დროისათვის აეროპორტ სტამბოლს 4 ასაფრენ/დასაფრენი ზოლი ემსახურება, რომელიც ტერმინალების მხარეს მდებარეობს. ამ ფონზე შიდა რეისების განხორციელებისას თვითმფრინავს აეროპორტის ტერიტორიაზე შესაძლოა ნახევარი საათით სიარულიც კი მოუხდეს, რაც თავის მხრივ ავიაკომპანიებს ხარჯებს უზრდის. 

ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობის შემდეგ კი აფრენა/დაფრენების რაოდენობა საათში 80-დან 130-მდე გაიზრდება.

https://www.facebook.com/igairport/videos/648400142609814/

აღსანიშნავია ისიც, რომ აეროპორტის 4 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან რეგულარულ რეისებს 2 ბილიკი ემსახურება. 2 ბილიკი კი სარეზერვო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ აეროპორტი “სტამბოლი” (IATA: IST, ICAO: LTFM) ოფიციალურად 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში 40,5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა. საგულისხმოა ისიც, რომ აეროპორტმა სრული დატვირთვით მუშაობა 2019 წლის 6 აპრილიდან დაიწყო, სწორედ ამ დღეს დასრულდა სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან აეროპორტ “სტამბოლში” ყველა რეისის გადამისამართება.

ის ქალაქის ევროპულ ნაწილში, არნავუთქიოის რაიონში მდებარეობს. “სტამბოლი” მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტი უნდა გახდეს, წლიური 150 მილიონიანი მგზავრით, ასევე დაგეგმილია ამ ციფრის მომავალში 200 მილიონამდე გაზრდა.