თბილისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia მთავრობისგან იმ 7-თვიანი პერიოდის, როდესაც აეროპორტები ფაქტობრივად გაჩერებული იყო, ფორსმაჟორად აღიარებას ითხოვს.
არსებული კრიზისის ფონზე TAV Georgia ხელისუფლებისგან საშემოსავლო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებასაც სთხოვს.
თავის მხრივ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ფორსმაჟორის აღიარებასთან დაკავშირებით TAV Georgia-ისთვის მთავრობასთან არ უშუამდგომლია, თუმცა კომპანიას გარკვეულწილად დაეხმარა.
ნათია თურნავას განმარტებით, TAV Georgia საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადებით კიდევ ერთხელ ისარგებლებს, რითაც კომპანია დასაქმებულების შენარჩუნებას შეძლებს.
“TAV Georgia-ს მაქსიმალურად ვეხმარებით. ფინანსთა სამინისტრომ კომპანიას რამდენიმეჯერ გადაუვადა გადასახადები და ახლაც ვიხილავთ. ფინანსთა სამინისტრო საშემოსავლო გადასახადს უვადებს; ხდება გადახდის გადავადება, რაც არის შემოსავლების სამსახურის მანდატი, 1-2 თვით ამის უფლება აქვს. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეინარჩუნონ დასაქმება და არ გაუშვან დასაქმებულები”, – განმარტავს ნათია თურნავა.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმული ღინისძიებების ფარგლებში აეროპორტები რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერებული იყო, შესაბამისად, ოპერატორი კომპანია, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სრულყოფულ ოპერირებას ვერ ახერხებდა.
იმავდროულად ინარჩუნებდა პერსონალს და არსებულ ვალდებულებებსაც ისტუმრებდა.
კომპანიამ საშემოსავლო გადასახადის გადავადებით ერთხელ უკვე ისარგებლა და გადავადებული გადასახადიც უკვე დაფარა, თუმცა ამჯერად, COVID-19-ის მეორე ტალღის და ხელახლად ამოქმედებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, ისედაც მცირე ავიამიმოსვლის კიდევ უფრო მეტად შემცირების ფონზე, კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები წარმოექნა და მთავრობას საშემოსავლო გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებით მიმართა.
თუმცა არსებული ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ საშემოსავლო გადასახადის გადავადებაზე მთავრობისგან უარი მიიღო.
სახელმწიფომ სხვა კომპანიების მსგავსად TAV Georgia-ს “ლოქდაუნის” პერიოდში საშემოსავლო გადასახადის გადახდის პერიოდი ოთხი თვით გადაუვადა, რომელიც კომპანიამ ნოემბერში მიმდინარე საშემოსავლო გადასახდთან ერთად უკვე დაფარა.
აღსანიშნავია, რომ კრიზისის ფონზე კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება არ შეუჩერებია და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი არ დაუპაუზებია.