თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia საშემოსავლო გადასახადის გადავადებას ითხოვს. სახელმწიფომ სხვა კომპანიების მსგავსად TAV Georgia-ს “ლოქდაუნის” პერიოდში საშემოსავლო გადასახადის გადახდის პერიოდი ერთხელ უკვე გადაუვადა, თუმცა არსებული ვითარების ფონზე აეროპორტების მმართველი კომპანია ისევ საშემოსავლო გადასახადის გადავადების მოლოდინშია. 

TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ კომპანიისთვის ყველაზე ხარჯიანი ზამთრის თვეებია და იმ ფონზე, როდესაც აეროპორტები ფაქტობრივად გაჩერებულია და რეგულარული რეისები მიზერული რაოდენობით სრულდება, TAV Georgia-ს მიმდინარე ხარჯების გასტუმრება უჭირს. გარდა თანამშრომელთა ხელფასებისა კომპანიას ზამთრის თვეებში აეროდრომის, ასაფრენ;დასაფრენი ზოლის, ტერმინალისა და სხვადასხვა ტექნიკის მოვლა/შენახვის გაზრდილი ხარჯიც ემატება.

“ჩვენ სახელმწიფოს მივმართეთ და საშემოსავლო გადასახადის კიდევ გადავადება, აპრილის ჩათვლით ვთხოვეთ. ეს დახმარება მართლაც ძალიან გვჭირდება, რათა კომპანიამ სიტუაციის შენარჩუნება შეძლოს”, აცხადებს “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე. 

მისი განმარტებით, დღეისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გაჩერებულია, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის განმავლობაში 1-2 სამგზავრო რეისი სრულდება. 

“გვიჭირს. გვიჭირს როგორც თანამშრომლების შენარჩუნება, ასევე სრულფასოვანი ოპერირება, იმიტომ რომ რეისები არ არის. აეროპორტში თუ რეისები არ ასრულდება, ეს თავის მხრივ სირთულეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე სიტუაციას მივყვებით, მაგრამ არსებული სიტუაცია ნოემბერში, დეკემბერში და იანვარში გაგრძელდა, რა თქმა უნდა კომპანია ბევრად უფრო დამძიმებული სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებს. არ მინდა ტერმინების გამოყენება “ბევრად უფრო დამძიმებული სიტუაცია”, “მძიმე სიტუაციის” გამოყენება, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. 9 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფაქტობრივად დაკეტილია. ჩვეულებრივ ვითარებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეში 120-დან 130 რეისამდე გვქონდა, ახლა კი ზოგადად რეისი დღის განმავლობაში გვაქვს 12-13 და აქედან სამგზავრო არის 1-2. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს”, აცხადებს ზარაქაძე.

როგორც ცნობილია, TAV Georgia COVID-19-ის ფონზე იძულებითი გაჩერების პერიოდის ფორსმაჟორად აღიარებას ითხოვს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა და ახლა პასუხის მოლოდინშია.