ფობე ფეარგრეივ ომლი – ლიცენზირებული მფრინავი, საჰაერო ტრიუკების შემსრულებელი, პირველი ავიამექანიკოსი ქალი.
ავიაციის ისტორიაში, ის პირველი ქალია, რომელმაც 1921 წელს თვითმფრინავიდან პარაშუტით ორმაგი ხტომა განახორციელა.
1925 წელს, ტენესის შტატში მან პირველი აეროპორტი და პირველი საფრენოსნო სკოლა გახსნა.
1928 წელს, ის პირველი ქალი გახდა, რომელმაც მოიპოვა ავიამექანიკოსის ლიცენზია.
1929 წლის 30 ივნისს, ქალაქ აიოვას თავზე იფრინა და 25,400 ფუტის სიმაღლის რეკორდი დაამყარა.
ფობემ მომდევნო წლებში მონაწილეობა მიიღო საფრენოსნო კონკურსებში მამაკაცებთან ერთად. გარდა ამისა, მრავალი ჯილდო ქალთა საერთაშორისო რბოლებშიც მოიგო.
ფობე პირველი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც 1933 წელს, აშშ-ს ფედერალურ ავიაციაში ოფიციალური პოსტი დაიკავა.
1935 წელს, ელეონორ რუზველტმა ის, აშშ-ს 12 უდიდეს ქალთა შორის დაასახელა.
ფობე ფეარგრეივ ომლი 1902 წლის 21 ნოემბერს, დემოინში დაიბადა. ბავშვობის ასაკიდან მის ინტერესის სფეროს თავგადასავლები და ექსტრემი წარმოადგენდა.1920 წელს, მინესოტას შტატში, მადისონის მექანიკური ხელოვნების უმაღლესი სკოლა დაამთავრა. ერთხელ, პრეზიდენტი უილსონი საჰაერო ხომალდებით ეწვია მის სკოლას -„იმ მომენტიდან თავიდან ვერ ამოვიგდე თვითმფრინავებზე ფიქრი ,წლების შემდეგ ბაბუის დატოვებული მემკვიდრეობით საკუთარი თვითმფრინავიც შევიძინე და ფრენაც ვისწავლე. მამას ყოველთვის გიჟი ვეგონე, დედას კი, უფრო სჯეროდა ჩემი. ’’- იხსენებს საკუთარ მემუარებში ფობი. 
ცნობილია ისეთი საჰაერო ტრიუკების შესრულებით,როგორიცაა თვითმფრინავების ცვლა ფრენის დროს. მრავალრიცხოვან საჰაერო შოუზე ფობე თავზე იდგა ან ჩარლსტონს ცეკვავდა თვითმფრინავის ფრთაზე. მის მიერ გამართულ პარაშუტით ორმაგი ხტომის სანახაობაზე ათასობით ადამიანი იკრიბებოდა. ის საჰაერო ტრიუკების შესასრულებლად იმ დროისათვის ცნობილ სერიალ „პაულინას საფრთხეშიც” მიიწვიეს.
ფობე, ქალი ავიატორების ექსკლუზიური კლუბის, „ოთხმოცდაცხრამეტიანელების“ ეკიპაჟის წევრი იყო.