თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი 2022 წელს 26,9 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით მესამედით მეტია (33,7 პროცენტით).

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბრუნვა ასევე გაიზარდა 139%-ით 2,45 მილიარდ ევრომდე, ხოლო წმინდა შემოსავალმა 431 მილიონ ევროს მიაღწია.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, Pegasus Airlines-ის მგზავრების რაოდენობამ შიდა მარშრუტებზე 2022 წელს 10,9 მილიონი მგზავრი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე – 16 მილიონი მგზავრი.

2021 წელთან შედარებით Pegasus Airlines-ის საერთაშორისო რეისებზე მგზავრების რაოდენობა 96,4 პროცენტით გაიზარდა.

ირკვევა, რომ 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ავიაკომპანიის ბრუნვა 41%-ითაა გაზრდილი.

Pegasus Airlines-ის ხელმძღვანელმა გულიზ ოზთურქმა ისაუბრა ავიაკომპანიის წვლილზე თებერვლის მიწისძვრების შედეგების აღმოფხვრაში.

მისი განმარტებით, ავიაკომპანიამ ამ დრომდე განახორციელა 785 რეისი, რის შედეგადაც სტიქიის ზონიდან 152 950 მოქალაქეა ევაკუირებული. ასევე, Pegasus Airlines-ის რეისებით მიწისძვრის ზონაში 111 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს და 126 926 მაშველი და მოქალაქე ჩაიყვანეს.

„Pegasus Airlines-ის 6,852 პროფესიონალისგან შემდგარი ოჯახი გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ რთულ დღეებს“, – განაცხადა მან.