თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა თბილისის მიმართულებით 7 იანვრის დღის ავიარეისები (PC 316 და PC 317) გააუქმა. ავიარეისების გაუქმების მიზეზი კი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტის დროებითი დახურვა გახდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, მგზავრების ტრანსპორტირებისთვის ავიაკომპანიამ 8 იანვარს დამატებითი ავიარეისები დანიშნა. სტამბოლი (SAW)-თბილისის (TBS) ავიარეისი 8 იანვარს 07:55 საათზე (თურქეთის დროით) განხორციელდება. ხოლო თბილისი (TBS) – სტამბოლის (SAW) ავიარეისი 10:55 საათზე (საქართველოს დროით)

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი დილიდან პარალიზებულია და ავიარეისებს ვერ ემსახურება. აეროპორტიდან რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, ხოლო ნაწილი – გაუქმდა.

მიზეზი კი აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის მოცურება სახელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი Pegasus Airlines-ის Boeing 737-800-ს შეემთხვა, რომელიც ასრულებდა რეისს შარჯა-სტამბოლი. თვითმფრინავი ბილიკზე დაშვებისთანავე მოცურდა. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და მგზავრები არ დაშავებულან. ინციდენტი კი თურქეთის დროით 11:20 საათზე მოხდა.