ავიაკომპანია Air France-ის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან დეტროიტის მიმართულებით მიფრინავდა, საგანგებო რეჟიმში კანადაში, მონრეალის აეროპორტში გადაამისამართეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ ლაინერს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა ბორტზე მყოფი იმ მგზავრის გამო, რომელიც ახლახან ებოლას ცხელების ეპიდაფეთქების რეგიონში იმყოფებოდა.
ეს ინციდენტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული იმ ახალი შეზღუდვების ფონზე მოხდა, რომელიც ბოლო 21 დღის განმავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდასა თუ სამხრეთ სუდანში ნამყოფ პირებს ეხება. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, ხსენებული მგზავრი კონგოდან მოდიოდა, ავიაკომპანიამ კი ის ბორტზე შეცდომით დაუშვა. უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირი თვითმფრინავში საერთოდ არ უნდა შემოეშვათ.
აშშ-ში დაფრენის აკრძალვის გამო, ბორტი მონრეალის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც მგზავრს კანადის საკარანტინო სამსახურმა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პირს ებოლას არანაირი სიმპტომი არ აღმოაჩნდა. მოგვიანებით ის უკან, პარიზში დააბრუნეს, ხოლო თვითმფრინავმა გზა შეერთებული შტატებისკენ გააგრძელა.












