ახალზელანდიურმა ავიაკომპანიამ Air New Zealand-მა წარადგინა ინოვაციური პროექტი Skynest — სპეციალური საძინებელი კაფსულები, რომლებიც ეკონომკლასის მგზავრებს ულტრა-გრძელი ფრენების დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სრულფასოვანი ძილის საშუალებას მისცემს. ახალი კონცეფცია ითვალისწინებს ექვსი საძინებელი ადგილის განთავსებას Boeing 787-9 Dreamliner-ის ტიპის ხომალდების სალონებში. საწოლები აღჭურვილია უსაფრთხოების სპეციალური ღვედებით და განკუთვნილია იმ რეისებისთვის, რომელთა ხანგრძლივობა 15 საათზე მეტია.
თითოეული კაფსულა მოიცავს სრულზომიან მატრასს, ბალიშსა და თეთრეულის კომპლექტს. მგზავრების კომფორტისთვის ადგილები აღჭურვილია განცალკევების ფარდით, USB-პორტით, საკითხავი ლამპით, ყურსაცმებითა და ვენტილაციის სისტემით. ეკონომ და პრემიუმ-ეკონომკლასის მოგზაურებს შეეძლებათ დაჯავშნონ ერთი ოთხსაათიანი ძილის სეანსი თითო ადამიანზე. ჰიგიენის ნორმების დასაცავად, ყოველი გამოყენების შემდეგ საძინებელი ადგილი სუფთავდება და უტარდება დეზინფექცია.
ერთი ფრენის განმავლობაში სულ 18 ასეთი სეანსია ხელმისაწვდომი, ადგილები კი რიგითობის მიხედვით ნაწილდება, ამიტომ ავიაკომპანია მგზავრებს წინასწარ დაჯავშნას ურჩევს. მომსახურება ფასიანია და ერთი სეანსის ღირებულება 400-დან 600 დოლარამდე მერყეობს. Skynest-ის დაჯავშნა მაისიდან იქნება შესაძლებელი იმ რეისებზე, რომლებიც ნოემბერში შესრულდება, პირველ ეტაპზე კი სიახლე ნიუ-იორკსა და ოკლენდს შორის არსებულ მარშრუტზე დაინერგება. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია პროექტის გაშვებას ჯერ კიდევ 2024-2025 წლებში გეგმავდა.












