ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ერთვება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საპილოტე პროგრამაში და აცხადებს ქვეყნის შიდა შესარჩევ კონკურსს, ახალგაზრდული საავიაციო ქსელის პროგრამით (YOUNG AVIATION NETWORK (YAN) PROGRAMME) გათვალისწინებულ ორ-კვირიან სწავლებაზე საქართველოდან კანდიდატურის წარდგენის მიზნით.
EUROCONTROL-ის ახალგაზრდული საავიაციო ქსელის პროგრამა წელს პირველად ტარდება და მისი მიზანია ძლიერი და ეფექტური მომავლის საავიაციო ქსელის ფორმირება. ყოველწლიურ პროექტში საქართველოს ჩართვა ხელს შეუწყობს სტუდენტების პერსპექტივის გაღრმავებას საავიაციო სექტორში მომავალი დასაქმების თვალსაზრისით, ასევე მათი პროფესიული კავშირების გაფართოვებას ევროპის მასშტაბით.
პროგრამა საბაკალავრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, EUROCONTROL-ის შტაბ-ბინაში (ბრიუსელი) გაიარონ მათზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც მოიცავს სალექციო კურსებს როგორც საექსპლუატაციო და ტექნიკურ საკითხებზე, ისე გაცნობით კურსს საერთაშორისო საავიაციო სფეროს ფუნქციონირების ძირითად ასპექტებზე. კურსი ასევე მოიცავს გასვლით ვიზიტებს (Maastricht Upper Area Control (MUAC), EUROCONTROL Experimental Centre (EEC), EUROCONTROL Institute Of Air Navigation Services (IANS)), რომლის ფარგლებშიც, სტუდენტები გაეცნობიან რეალურ საოპერაციო პროცესებს და შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.
YAN-ის წლევანდელი პროგრამა დაიწყება 2020 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2020 წლის 15 ივლისამდე. EUROCONTROL-ი მონაწილეებისთვის შემდეგ ფინანსურ პაკეტს უზრუნველყოფს: ეკონომ კლასის ავიაბილეთის ანაზღაურებას, განთავსებას ბრიუსელში (საუზმე შედის), სადილის ვაუჩერებს და დღიურ 25 ევროს საღამოს კვებისთვის, ტრანსპორტირებას (ბრიუსელში, საცხოვრებელი ადგილიდან ევროკონტროლამდე), გასვლითი ვიზიტის ხარჯებს.
პროგრამის თანახმად, მონაწილეების შერჩევა ხორციელდება EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების დირექტორების (DGCAs) მიერ. საქართველოში შიდა შერჩევის პროცესი წარიმართება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, EUROCONTROL-ის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ლევან კარანაძის პატრონაჟით.
პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საავიაციო ხელისუფლებების დირექტორებს მოეთხოვებათ საბაკალავრო საფეხურის (18-22 წლის) სტუდენტების შერჩევა, რომლებიც გატაცებულები არიან ავიაციით და კარიერულ განვითარებას გეგმავენ ამ სფეროში. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური ქულები, საჭირო პიროვნული/ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები და კარგი რეკომენდაცია. კანდიდატები ასევე თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად). წევრ სახელმწიფოებს ასევე მოეთხოვებათ EUROCONTROL-ის მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის (diversity & inclusion) ინიციატივის გათვალიწინება, რომელიც მიზნად ისახავს მეტი ქალი სპეციალისტების მოზიდვას ავიაციის სფეროში.
სააგენტოს მიერ, კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად: კანდიდატების შერჩევა (short-list) და გასაუბრება.
კანდიდატებმა მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე hrm@gcaa.ge უნდა წარმოადგინონ CV, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გასაუბრების ეტაპისთვის შეირჩევიან მხოლოდ მაღალი სარეიტინგო ქულების მქონე კანდიდატები), სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი. სასურველია წარმოდგენილ იქნეს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება (მათ შორის ინგლისურ ენაზე) ჩატარდება არაუგვიანეს 2020 წლის 15 თებერვლისა. გასაუბრებას ჩაატარებს სააგენტოს დირექტორი, დამკვირვებლების სახით მოწვეული წარმომადგენლების თანდასწრებით. (გასაუბრების თარიღი, დრო და ადგილი ეცნობებათ შერჩეულ კანდიდატებს).
დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://www.gcaa.ge/geo/news.php?id=6489