15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო. რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა.
საქართველოში ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით 25 ივნისს 13:00 საათზე სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ავიაკომპანია Salam Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ აჰმედი გახსნიან.
ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საქართველოში Salam Air-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია ,,ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია ტურიზმში მოღვაწე კომპანიებისთვის და საავიაციო სფეროსთვის პროდუქტის გაცნობა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air 2016 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით ავიაკომპანია მსოფლიოს 7 მიმართულებით კვირაში 116 რეისს ასრულებს.