პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ნოემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34,217 მგზავრს მოემსახურა. (2019 წელი 72,032 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ნოემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 163 რეისს. ( 2019 წელი – 250 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან კი ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ასრულდებს.