საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 46%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 237 038 მგზავრს მოემსახურა, რაც 174,59%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებთან შედარებით.

2020 წლის 11 თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 814 690 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 877 967 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემები 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 54%-იან კლებას აჩვენებს. 

მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. თუმცა პანდემიის ფონზე მთელს მსოფლიოში არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მეოთხე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვები რა შედეგ “დადებს” ჯერჯერობით უცნობია. 

2021 წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 493 258 მგზავრს მოემსახურა, რაც 161,26%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 571 554 მგზავრს, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში კი 3 470 415 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 56,97%-იანი კლებაა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 43%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ქონდა 2019 წელს.

სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის სერიოზული ზრდა ფიქსირდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის 11 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 490 434 მგზავრი გაატარა, რაც 855,66%-ით მეტია 2020 წლის, ხოლო 17,98%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. 2020 წლის 11 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 51 319 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 11 თვეში 597 912 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 82%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ქონდა 2019 წელს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით 69,60%-იანი კლებაა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 2020 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 31,02%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით კი 69,60%-იანი კლება. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში აეროპორტი 240 575 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 183 613 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 791 399 მგზავრს.  

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის “გამოცოცხლება” სახეზეა, რადგანაც გასულ წლებთან მიმართებაში მგზავრთნაკადის სხვაობა პროცენტულ ჭრილში მცირდება. 

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 2020 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 48,23%-იანი ზრდაა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან 42,89%-იანი კლება.

ამბროლაურის აეროპორტში 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებლებთან შედარებით 54,70%-იანი მატება, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 3,08%-იანი კლება. ხოლო ნატახტარის აეროდრომში გასული წლის 11 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 61,77%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 23,71%-იანი კლება.