ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრებს ბორტზე ნიღბისა და ხელთათმანების ტარება მოუწევთ. ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ აღნიშნული შესახებ უკვე განაცხადა და მზაობა გამოთქვა ასევე, რომ გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მგზავრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.
“ყველა ჩვენი მგზავრი უნდა იყოს პირბადით და ხელთათმანით და თუ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისგან სხვა ტიპის რეკომენდაციაც იქნება აუცილებლად გავითვალისწინებთ”, ამბობს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი.
აეროპორტსა თუ ავიაკომპანიის ბორტზე ნიღაბი, თერმოსქრინინგი და სოციალური დისტანციის დაცვა – ეს ის აუცილებელი რეკომენდაციებია, რომლებიც ამ დროისათვის ყველა ავიაკომპანია თუ აეროპორტი ნერგავს. გარდა ამისა მნიშვნელოვანი საკითხია ასევე თვითმფრინავის დეზინფექცია, რაც Georgian Airways-ის თვითმფრინავებს ყოველი სპეცრეისის განხორციელების შემდეგ უტარდებათ.
ავიაკომპანია დღეისათვის სარეპატრაციოა რეისებს ასრულებს და რეგულარული ფრენების დაწყებისთვის მთავრობის შესაბამის ნებართვას ელოდება.
Georgian Airways-ი ყველა იმ რეგულარული მიმართულების აღდგენას აპირებს, რომელზედაც ავიაკომპანია COVID-19-ის პანდემიამდე ოპერირებდა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია განმარტავს, რომ რეგულარული ფენების განახლების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგანაც მსგავსი ტიპის ფრენებისთვის საქართველო ჯერ დახურულია. საგულისხმოა ისიც, რომ Georgian Airways-ი რეგულარულ მიმართულებებს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
“ქართული ეროვნული ავიაკომპანია Georgian Airways-ი მზადაა განვაახლოთ ჩვენი რეგულარული რეისები ყველა იმ მიმართულებებზე, რომელზედაც ვოპერირებდით. საუბარია რეგულარულ 16 მიმართულებაზე და პლუს ჩარტერულ ავიარეისებზე. რეგულარულ ფრენებს აღვადგენთ მაშინვე, როგორც კი საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნებართვა იქნება. თუმცა თუ როდიდან განვაახლებთ რეგულარულ ფრენებს ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე და ასევე იმ ქვეყნების აეროპორტების პროტოკოლზე სადაც რეისებს განვახორციელებთ”, აცხადებს რომან ბოკერია.
ცნობისათვს, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. თუმცა მანამდე საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ. უფრო კონკრეტულად კი საჭირო და აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, როგორც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ისე აეროპორტებში.
უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე. ასევე დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობაში საქართველოს ინტეგრირება და ამ ფონზე საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია „საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“- წარმოება.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მესამედ, 23 მაისამდე გადაავადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი განახლებული NOTAM-ის გამოცემა, მას შემდეგ დასჭირდა რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.