ლაგოსის ფედერალურმა სასამართლომ ავიაკომპანია Emirates-ს ნიგერიელი ბიზნესმენისთვის, ბარგის დაკარგვის გამო, 1.63 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. 

ირკვევა, რომ ბარგი რომელშიც ნაღდი ფული იყო ავიაკომპანიამ 12 წლის წინ ჩინეთში ფრენის დროს დაკარგა.

2007 წელს ნიგერიელმა ბიზნესმენმა ლაგოსიდან ჩინეთის მიმართულებით იმგზავრა მარშრუტით: ლაგოსი-დუბაი-ჰონგ კონგი-გუანჯოუ. მგზავრს ხელბარგში, ოფიციალურად დეკლარირებული 1.63 მლნ დოლარი ედო. გაფრენის დარბაზში მას ავიაკომპანიის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ჩანთა მათთვის გადაეცათ, რათა უკეთ დაცული ყოფილიყო. მათ მგზავრი დაარწმუნეს იმაში, რომ ჩანთის უსაფრთხოებაზე კომპანია უფრო იზრუნებდა. 

სასამართლოზე ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ჩანთები ჩააბარა და შესაბამისი ბირკაც მიიღო ნომრით: EK428682 და EK428683.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრს განუმარტეს, რომ ბარგს ბოლო დანიშნულების პუნქტში მიიღებდა, თუმცა მას ის ჩანთები და ფული აღარასოდეს უნახავს. 

მგზავრმა ბარგის ძებნას 2 თვე მოანდომა. პოლიციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ იმ ორ ჩანთას ლაგოსი არ დაუტოვებია. სასამართლოს სხდომაზე კი Emirates-ი ამტკიცებდა, რომ აეროპორტში ბარგის მართვას ნიგერიული კომპანია Nigerian Aviation Handling Company (NAHCO) ახორციელებს და პასუხისმგებლობაც მათზეა. თუმცა მიმდინარე კვირაში სასამართლომ საბოლოო განაჩენი მომჩივანის სასარგებლოდ გამოიტანა. 

შედეგად Emirates-ი ვალდებულია მგზავრს დაკარგული თანხა სრულად აუნაზღაუროს, ხოლო დამატებით დაკისრებული 131 ათასი დოლარი არის ის თანხა, რაც მგზავრმა 12 წლის განმავლობაში დაკარგა, ვიდრე ის სასამართლოში დაობდა.