ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ავიაკომპანიის Transavia-ს აღმასრულებელ დირექტორს მარსელ დე ნუაიერს შეხვდა. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გაჟღერდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დროულია, ნიდერლანდებიდან საქართველოში გაზრდილი ტურისტული და საინვესტიციო მაჩვენებლის ფონზე, კომპანიის მიერ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აპრილის თვიდან, ნიდერლანდების სამეფოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Transavia, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით იფრენს, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ავიაკომპანიის მეშვეობით შეძლონ მგზავრობა ხელმისაწვდომ ფასად.