ნიდერლანდების სამეფო ავიახაზები KLM-ი ნიდერლანდების სამეფოს მთავრობასთან მოლაპარაკებას იწყებს, რათა ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტში ფრენების შეზღუდვის ალტერნატივად მწვანე პოლიტიკა შესთავაზოს.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ საჰაერო ფლოტის განახლება ხმაურის შემცირებისა და ნახშირბადის ემისიისთვის უკეთესი არჩევანი იქნება.

ნიდერლანდების სამეფოს კანონმდებლები, 2023 წლის ბოლოსთვის, აეროპორტში ფრენების წლიური რაოდენობის 500 ათასიდან 440 ათასამდე შემცირებას აპირებენ. შეზღუდვა ხუთ წელიწადს გასტანს, ვიდრე გარემოს სტანდარტების შესაბამისი ახალი სისტემა არ განვითარდება.
სამთავრობო კაბინეტის ინიციატივაა, ფრენები სხიპოლიდან ლელისტადში გადამისამართდეს. სხიპოლიდან ძირითადი გადამყვანი, ნიდერლანდების სამეფო ავიახაზები KLM-ი შიშობს, რომ ცვლილების შედეგად 30 მიმართულების გაუქმება მოუწევს, საიდანაც 25 – ევროპული, ხოლო 5 – კონტინენტთაშორისი მიმართულებაა.

ავიაკომპანია ამტკიცებს, რომ აეროპორტის გამტარობის შემცირება არც მოგზაურებს წაადგებათ და არც მთლიანად ნიდერლანდების სამეფოდან ფრენების ქსელის გაფართოებას.

„ფლოტის განახლება გამტარობის შემცირებაზე გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა. ეს ხელს შეუწყობს ხმაურის და ემისიების მაქსიმალურად შემცირებას, ასევე დაგვეხმარება, უკეთ დავიცვათ ბალანსი სხიპოლის, გარემოს, გარშემომყოფი დასახლებებისა და მოგზაურების ინტერესებს შორის“,- აცხადებს ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარიან რინტელი.

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტში განიხილეს ნეგატიური სცენარიც, რომლის თანახმად KLM-მა შესაძლოა გააერთიანოს და დახუროს სხიპოლის ჰაბი, რასაც აეროპორტში 14 300 სამუშაო ადგილის დაკარგვა და 1,13 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური ზარალი მოჰყვება.