ნატო და საქართველო ავიამიმოსვლების მონაცემებს გაცვლიან. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეები სამომავლოდ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემებს გაუზიარებენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.

“ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია, ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატოს ალიანსის წევრებისთვისაც. ზოგადად, მომავალში, ამას ექნება არსებითი მიმართულება რუსეთთან მიმართებით. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, წვრთნები ჩატარდება და ახლახანს გაცხადდა, რომ ახლაც ტარდება. ეს არის „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსთვის, იმ ძლიერი ერთგულებისთვის,  რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება და წვლილისთვის. ჩვენს მისიებში, საქართველო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია  და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ  ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ,“ –  აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.