საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გავლენიანმა გამოცემამ National Geographic საქართველოს შესახებ ორი სტატია მოამზადა.
„კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“-ამ სათაურით National Geographic-ის პირველ სტატიაში აღწერილია ქართული სტუმარ-მასპინძლობა, სუფრა, ადგილობრივების მუსიკა, ცეკვა და ქართული კულტურა.
„საქართველოში მოგზაურების შემდეგ ხშირად აქებენ ქართულ კერძებს , ღვინოსა და ბუნებას. მაგრამ, საქართველოზე შეყვარებული მოგზაურები სხვა რამესაც აფასებენ. ეს არის ქართული კულტურის სიმდიდრე და სიუხვე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე სპარსეთის, ბიზანტიის, არაბეთის, მონღოლეთის, თურქეთისა და რუსეთის იმპერიების გავლენას განიცდიდა, ქართული კულტურა განსხვავებული დარჩა.“-წერს სტატიის ავტორი ტარა იზაბელა ბარტონი.
„ ქართული მრავალხმიანი სიმღერის მუსიკალური ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა ქართულ სუფრას, სადაც თქვენ გეპატიჟებიან დღესასწაულად აქცევს. ქართულ სუფრაზე კერძების საოცარი სიუხვე, მდიდარი მუსიკალური კულტურა ვიზიტორებს უკან დროში ამოგზაურებს.“-წერს National Geographic-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს თუ რა დღესასწაულს აღნიშნავენ ოთხივე სეზონზე საქართველოში.
National Geographic-ის შემდეგი სტატია საქართველოს ბუნებას ეძღვნება შემდეგი სათაურით „მთებიდან ზღვამდე საქართველოში.“
სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებში ლაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა და შავი ზღვის სანაპიროები.
„ზამთარში თოვლის მოსვლა სალაშქრო სეზონის დასრულებას ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს სათხილამურო კურორტები მაღალ სიჩქარეზე გადადიან და სათხილამურო სეზონი იწყება. სამთო კურორტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით. გუდაურით დაწყებული, რომელიც სტეფანწმინდასთან ახლოს მდებარეობს გოდერძით გაგრძელებული, რომელიც ბათუმიდან რამდენიმე საათის მანძილზეა, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ სვანეთის მთებში მდებარე კურორტებს: ჰაწვალსა და თეთნულდს. თუ ტურისტები უფრო განსხვავებულს და შორეულ ადგილს ეძებენ, შეუძლიათ ალპურ სოფელ ბახმაროს ესტუმრონ, სადაც სასრიალოდ სპეციალური ტექნიკა ე.წ. Cat skiing ადის. ხის კოტეჯებით ცნობილი და თოვლით დაფარული ბახმარო მთელ ქვეყანაში სუფთა ჰაერით გამოირჩევა. ბახმარო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული სამკურნალო კურორტია.“-წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.
სტატიაში ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი მკითხველს ინფორმაციას აწვდის თბილისის, ბათუმის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების, მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების, აგრეთვე ქალაქებს შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა: Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue.
კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლოს დასრულდება. კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში.
https://www.nationalgeographic.com/travel/article/paid-content-four-seasons-of-culture-in-georgia