საქართველოსადმი ინტერესი არ განელებულა – პირიქით, პანდემიის რეალობაში საქართველო კვლავ ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა ტურისტებისთვის, – აცხადებს AviaNews-თან ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, საქართველოსადმი საკმაოდ მზარდია ინტერესი ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყურისა და ე.წ. „შორი მანძილის“ ქვეყნებიდან (მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან), რაც პირდაპირი რეისების სწრაფი აღდგენის დინამიკითაც დასტურდება.

“მიმდინარე წელს, საქართველოს ტურიზმის სექტორმა დიდი ცვლილება განიცადა – ის სრულად დამოკიდებული გახდა ავიაციის სექტორზე (კოვიდ 19-მდე, ტურისტების  80%-ზე მეტი სახმელეთო საზღვრით შემოდიოდა ქვეყანაში, ახლა კი საჰაეროს მიმართულებას უკავია უდიდესი წილი, რადგან ორი მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვარი შიდა რეგულაციების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ორი წელია ჩაკეტილია). ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო გამტარუნარიანობა მაქსიმალურად გამოყენებულია მიმდინარე წელს და ცხადია, რაც მალე მოხდება მეზობელი ქვეყნების სახმელეთო საზღვრების გახსნა, მით უფრო სწრაფად მოხდება ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკის დაჩქარება.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ მოხდეს ახალი ტურისტული პროდუქტების ფორმირება, რაც პასუხობს არსებულ და სამომავლო ტურისტულ ტენდენციებს – ეკო, აგრო თუ გამაჯანსაღებელი ტურისტული პროდუქტებისადმი გაზრდილ ინტერესს. ასევე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ არსებული კოვიდ-საემიგრაციო რეგულაციები, რაც საქართველოში მოგზაურობას მარტივს და უსაფრთხოს ხდის და საქართველოს დამატებით კონკურენტუნარიანობას უნარჩუნებს სხვა ქვეყნების ფონზე.         

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკმაოდ მიზნობრივ და ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიებს განახორცილებს 2022 წელს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და დაეხმარება კერძო სექტორს სამიზნე ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვაში”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.