მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.
National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია “Dream Now, Go Later.”
25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.
National Geographic პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ.
„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4 დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ.“