საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური” საქართველოს საზღვაო სივრცეში ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით თანამედროვე ჰიდროგრაფიულ ტექნოლოგიებს ნერგავს.

რელიეფიდან გამომდინარე ნავსადგურები გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების რადარების აღქმადობისა და ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით დამხმარე სანავიგაციო საშუალებების არსებობას მოითხოვს, ამ მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტის აკვატორიაში რადიო მოპასუხე (რადიო რეკონი) განათავსა.

აღნიშნული ხელსაწყო საერთაშორისო საკომუნიკაციო კავშირის (ITU) რადიო რეგულაციების (RR) 1.103-ე მუხლის თანახმად ითვლება ,,გადამცემ-მიმღებ” საშუალებად. რეკონი ფიქსირებული სანავიგაციო ნიშნიდან უკავშირდება გემებს და გააჩნია სწრაფი სიხშირე, რომელიც სიგნალის დაბრუნებას უზრუნველყოფს და შეესაბამება თითოეულ გემზე არსებული რადარის მოთხოვნებს.

რადიორეკონი გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და გემების რადარებისთვის მყარ ორიენტირს წარმოადგენს , რომლის საშუალებითაც გემის კაპიტნები უსაფრთხო კურსის განსაზღვრას მოახდენენ მინიმალური ხედვის პირობებში ნებისმიერი მეტეოროლოგიური მდგომარეობის დროს.

გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა რადიორეკონი ბათუმის ნავსადგურში განათავსა.