ინტერვიუ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ნანა ბარამიძესთან
– რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, PR კარიერული ზრდის თვალსაზრისით?
– ავიაცია ჩემთვის სრულიად ახალი, ძალიან საინტერესო და ამავე დროს გამოწვევებით სავსე სფეროა. ადრე, აეროპორტების მშენებლობა იქნებოდა ეს თუ ახალი ავიამიმართულებების დამატება, ამ საქმეს ცოტა გვერდიდან, რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან ვუყურებდი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იქნებოდა, თბილისიდან თუ ბათუმიდან, თითოეული ახალი დამატებული მიმართულება თუ შემოსული ავიაკომპანია მიხაროდა. თუმცა, ამ ყველაფერს არც ისე გვერდიდან ვუყურებდი.
მანამდე 7 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მედიისა და მარკეტინგის სამმართველოს ვხელმძღვანელობდი. ზოგადად, კი ამ სფეროში, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა მედიიდან მოვხვდი. თითქმის ყველა ეტაპი გავიარე – ვიყავი კორესპონდენტიც, საერთაშორისო მიმომხილველიც, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მქონდა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებაც. ვფიქრობ, ცხოვრების ყველა ეტაპი განსხვავებულად საინტერესო იყო. სულ სხვაა იყო კერძო კომპანიის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის პიარი. სხვა თვისებებისა თუ უნარ-ჩვევების გამოვლენა სჭირდება საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს და საჯარო მოხელეა.
– რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?
– თეორიული ცოდნა და ზოგადი წარმოდგენა ამის შესახებ ყველას გვაქვს, ინტერნეტში უამრავი მასალაც დევს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ასე გამოწერილად წარმატების ფორმულა ამ სფეროში არ არსებობს. თეორიული წარმოდგენა წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად შესაძლოა პრაქტიკაში ერთი ერთში ერთმანეთს არ დაემთხვეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად სამუშაო გამოცდილება და პირადი კონტაქტები მაინც ბევრს ნიშნავს. ასევე, უნდა იცნობდე შენს აუდიტორიას, იცოდე მათი ხასიათი, რა მოსწონთ, რა ინფორმაციის მიღება სურთ და ა.შ.
კვალიფიკაცია, დიპლომი თუ ხარისხი კარგია, თუმცა საქმეში გაცილებით მნიშვნელოვანი გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევების ქონა.
– სამი რჩევა ადამიანებისთვის ვინც ამ სფეროში ახლა იწყებს საქმიანობას.
– ცოტა უხერხულად მიმაჩნია ჩემი მხრიდან ვინმეს ამ კუთხით რჩევა მივცე. ამიტომ ვიტყვი, რა რჩევებს მივცემდი საკუთარ თავს, ან რაზე გავამახვილებდი ყურადღებას მაგალითად მე, რომ უნივერსიტეტს დღეს ვამთავრებდე და კომუნიკაციების კუთხით მუშაობის დაწყება მსურდეს.
პირველ რიგში, ალბათ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი – ეს არის ის მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ამ სფეროში დამწყებ ადამიანს უნდა გააჩნდეს, წეროს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, შეეძლოს ისეთი კონტენტის შექმნა, რომ აუდიტორიას მისი ყოველთვის სჯეროდეს და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვი არასოდეს შეიტანოს.
დღეს ციფრული მედიის ხანაში ვცხოვრობთ. არსებობს თეორია, რომ რამდენიმე წელიწადში digital media ტრადიციულ მედიას მთლიანად ჩაანაცვლებს. ამიტომ მიმართულების ცოდნა და ზოგადად, digital marketing უმნიშვნელოვანესია.
უნდა ვიყოთ მუდმივად კრეატიულები, ორიგინალურები – ეს თვისებები ამ სფეროში ყველაზე ძვირად ფასობს.
– რას გვეტყვით საჭირო კონტაქტებისა და წყაროების შეძენასთან დაკავშირებით?
– კონტაქტებსა და წყაროებს ჩემი აზრით, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად იძენ. ზოგთან ერთად ერთ სამსახურში მუშაობდი, შენი კოლეგა იყო, ზოგთან – მეორეში. ზოგიერთი კონტაქტი უბრალოდ, მუშაობისას და პროექტების კეთების პროცესში შეიძინე.
– რას ანიჭებთ უპირატესობას და რა არის პრიორიტეტი სამუშაო დღის დასაწყებად?
– ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანია და არც ერთი დღე არ გაქვს ერთმანეთს, რომ გგონია საქმე თბილისში გაქვს ოფისში, შესაძლოა უცებ ქუთაისში მოგიხდეს წასვლა, ან მესტიის, ან ამბროლაურის აეროპორტებში. იდეალურ ვარიანტში სამუშაო დღე ალბათ, მეილის გახსნით, ან ახალი ამბების გაცნობითა და გაზეთების კითხვით იწყება. რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე – შესაძლოა შენი დაგეგმილი ღონისძიება უბრალოდ შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაიშალოს. მაგალითად, გადადგეს მთავრობა, ან რაიმე ტრაგიკული მოვლენა მოხდეს ქვეყანაში და შენი დაგეგმილი ღონისძიება იმ დღეს და შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში უბრალოდ კონტექსტიდან იყოს ამოვარდნილი.
– რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?
– ის თვისებები, რაც მაგალითად, ბრიტანელ პიარსპეციალისტს ლონდონში აქვს, საქართველოში ჩამოსულს იგივე ფორმულა შესაძლოა დიდად არ გამოადგეს. ანუ პიარსპეციალისტს იგივე ფორმულა არ გამოადგება. ალბათ, დამეთანხმებით, ჩვენი მოსახლეობა ნებისმიერი სიახლის მიმართ სენსიტიურია. ამიტომ, პირველ რიგში საკუთარი სამსახურის მიმართ ლოიალობა, საქმის პატივისცემა, არსებულ გარემოსთან სწრაფად ადაპტირება, რისკების მართვა, მოკავშირე სპიკერების ყოლა, ოპერატიულობა და საზოგადოებასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა – ეს არის ის აუცილებელი თვისებები, რომლებიც ჩემი აზრით, სხვა თვისებებთან ერთად საჭიროა ჰქონდეს წარმატებულ პიარმენეჯერს.
– რა თვისებას აფასებთ თანამშრომლებში?
– დარჩე ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანად, პიროვნებად და იყო ყოველთვის სამართლიანი – ეს ის ძირითადი თვისებებია, რასაც ადამიანში ვაფასებ. სამსახურში ამას, რა თქმა უნდა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობაც ემატება.
– რა არის ის საუკეთესო PR პრაქტიკა, რასაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?
– პირისპირ ურთიერთობები და კომუნიკაცია ადამიანებთან, შენს აუდიტორიასთან და ზოგადად, საზოგადოებასთან. ალბათ ეს ისაა, რასაც ვერც სოციალური მედია, ვერც ესემესი და ვერც სატელეფონო ზარი და ვერანაირი ტექნოლოგიური მიღწევა ვერასდროს შეცვლის .
– რა მზარდი ტენდენციებია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?
მზარდი ტენდენციებია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?- PR მუდმივად ცვალებად პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება. ტექნოლოგიურ ეპოქაში ის კიდევ უფრო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ამას ხელი შეუწყო სოციალური მედიის განვითარებამ, facebook, Instagram, Pinterest, Linkedln – ეს ის ახალი პლატფორმებია, რითაც შენი სათქმელი, ან კონტენტი აუდიტორიაზე უფრო ახლებური და კრეატიული გზით მიიტანო.