საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ტურიზმის აღდგენის დინამიკა შეაფასა.

„ჩვენ კერძო სექტორთან ერთად 2021 წელს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ რეზულტატს მივაღწიეთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია, როგორიცაა: საზღვრების ეტაპობრივი გახსნა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ავიამიმოსვლის აღდგენისთვის განხორციელებული აქტივობები და რაც მთავარია მარკეტინგული კამპანიები, რომელიც საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით სხვადასხვა მიზნობრივ ბაზარზე ვაწარმოეთ“.-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკიდან გამომდინარე 2019 წლის შედეგებს ქვეყანა მალე მიუახლოვდება.

„ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იმდენად პოზიტიურია, რომ ჩვენ მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევძლებთ 2019 წლის მონაცემებს მივუახლოვდეთ. 2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იქნება ამ მიმართულებით. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი სფეროა. ამაზე მეტყველებს გასული წლების მზარდი დინამიკა, მათ შორის შემოსავლების მიმართულებით“.-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

საქსტატის  ოფიციალური მონაცემებით, ტურიზმის სექტორში 2021 წელს მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა.  ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე დეკემბერში (პანდემიამდე 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 58 % იყო.  2021 წლის ივლისიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე 52 %-ს შეადგენს.