იმისათვის, რომ აეროპორტი იყოს წარმატებული და კომფორტული, აუცილებელია მეტი პირდაპირი ფრენის არსებობა; ამის უზრუნველყოფა კი მხოლოდ ძლიერ ადგილობრივ ავიაკომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ბაზირებულნი არიან საქართველოში, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ჟურნალ Entrepreneur-თან ინტერვიუში აცხადებს.
მისი შეფასებით, პანდემია იმდენად დიდი დარტყმა აღმოჩნდა საავიაციო სფეროსთვის, რომ მდგომარეობის აღდგენას ნავარაუდევზე მეტი დრო დასჭირდა. გარდა ამისა, ამ პროცესზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ − როგორც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, ასევე ისრაელში მიმდინარე მოვლენებმა. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თქმით, ისრაელი და უკრაინა საკმაოდ დატვირთული მიმართულება იყო, როგორც თბილისიდან, ასევე ბათუმიდან.
თეა ზაქარაძე ამბობს, რომ ამჟამად, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ძალიან აქტიურად ვითარდება ავიამიმოსვლა ინდოეთსა და ჩინეთთან. ორივე მათგანი ძალიან საინტერესო და მზარდი ბაზარია და შესაბამისად, არსებობს პოზიტიური მოლოდინიც.
რაც შეეხება ზამთრის სანავიგაციო სეზონს, როგორც წესი, ამ პერიოდში ფრენების რაოდენობა და სიხშირე შედარებით მცირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, TAV Georgia განაგრძობს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან და შესაბამისად მომდევნო სეზონზეც უნდა ველოდოთ სიახლეებს დამატებითი ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლის შესახებ.
“მე არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ მზად ვართ, ჩვენ ხელთ არსებული სხვადასხვა რესურსით ყველანაირად შევუწყოთ ხელი ადგილობრივ გადამზიდავებს, რათა მათ შეასრულონ რაც შეიძლება მეტი ფრენა, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი მიმართულებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს შევთავაზებთ ნებისმიერ ახალ ადგილობრივ მოთამაშეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ავიაციის ზრდასა და განვითარებას”, − აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.
მთავარი აეროპორტები მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ადგილობრივ გადამზიდავებს, რათა შეასრულონ რაც შეიძლება მეტი...