თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ISAGO-ს პროგრამის დანერგვაზე მუშაობს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი ჟურნალ Entrepreneur-თან ინტერვიუში აცხადებს, შესაბამისი მართვის სისტემებისა და ოპერატიული პროცედურების დანერგვის შედეგად, TAV Georgia-ს ISAGO-სერტიფიკატი მიენიჭება, რაც ხაზს გაუსვამს აეროპორტში არსებული სახმელეთო მომსახურების უმაღლეს დონეს და შემდგომში, ავიაკომპანიების უპირობო ნდობას განაპირობებს.
ISAGO საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საერთაშორისო სისტემაა, რომელიც საავიაციო სფეროში აღიარებულ ხარისხის აუდიტის პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ისახავს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ TAV Georgia-მ შექმნა უახლესი ისტორია საქართველოს ავიაციის განვითარებაში, სააეროპორტო მომსახურების სფეროში შემოიტანა საერთაშორისო გამოცდილება და გაზარდა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რაც არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი აქტივია. 2025 წელს ჩვენ საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და გვეამაყება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი, საიმედო ინვესტორი და მსხვილი დამსაქმებელი. დღეს ამ გლობალური ბრენდის უკან დგას ქართველ პროფესიონალთა გუნდი. გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად მეამაყება”, − აღნიშნავს თეა ზაქარაძე.