ჩინური კაპიტალით დაფუძნებული ავიაკომპანია MyWay Airlines -ს ახალი მაჟორიტარი მეწილე ჰყავს.
კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი, ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური გახდა.
49%-ის მფლობელი GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD -ის საკუთრებაში რჩება.
ავიაციის ბაზრის ექსპერტები GBC– სთან ამბობენ, რომ გარიგებით, MyWay Airlines-ი ქართულ ავიაკომპანიად პოზიციონირებას უფრო დამაჯერებლად შეძლებს, რაც თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
MyWay Airlines -მა ბაზარზე ოპერირება 2 თვითმფრინავით დაიწყო, რაშიც 50 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. არსებული გეგმით, 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატება იგეგმება.
განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის კი, ავიაკომპანიას 10 საჰაერო ხომალდი უნდა ჰყავდეს.
დაახლოებით 2 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ “Myway Airlines” ევროპის რამოდნიმე მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები შესრულდება რომის, დიუსელდორფის, ბუდაპეშტის, ათენის და მიუნხენის მიმართულებით.
ავიაკომპანია 4-მდე ზრდის ფრენის სიხშირეს თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე. დაფრინავს კიევის და ხარკოვის მიმართულებით.
რაც შეეხება იგორ აფციაურს, ის გასულ წლებში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იყო. იყო Qatar Airways – ის უფროსი ანალიტიკოსი. მისი მამა დავით აფციაური ჩინეთში საქართველოს ელჩია.
წყარო: GBC