ავიაკომპანია Myway Airlines-მა ბათუმიდან ქუვეითის დედაქალაქის მიმართულებით სერიული ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ბათუმი-ელ-ქუვეითი-ბათუმი საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ხუთშაბათ დღეს სრულდება.

Myway Airlines-ში განმარტავენ, რომ ბათუმი-ელ-ქუვეითი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენები 12 სექტემბრამდე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ Myway Airlines-მა თბილისი – ელ-ქუვეითი – თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება 2019 წლის 6 ივლისიდან დაიწყო. ფრენები 17 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს სრულდება. ავიარეისები Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.