ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დიდგორში, თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ით გაიზარდა.

“დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ,საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალეო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა”,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.