ჩინური ინვესტიციით, საქართველოში დაფუძნებულმა ავიაკომპანია MyWay-იმ 2018 წელი -40,875,472 ლარის ზარალით დაასრულა. ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი.
Hualing Group-ის შექმნილმა MyWay-იმ ფრენები 2018 წლის თებერვალში დაიწყო, კომპანიის საკუთრებაშია ორი Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც 170 მგზავრზე არის გათვლილი. ავიაკომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ამჟამად რეგულარულ რეისები თბილისი თელ-ავივის მიმართულებით სრულდება.
MyWay-ის მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, კომპანიის მიერ ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 14,107,744 ლარს შეადგენდა, მისი მთლიანი ხარჯები კი, ამასთან შედარებით რამდენჯერმე დიდი იყო. ამასთანავე, კომპანიას 4 მილიონი ლარის ზარალი მიადგა ლარის გაუფასურებიდან.
მოგება ზარალის ანგარიშგება:
- შემოსავალი რეალიზაციიდან და მომსახურებიდან 14,107,744 ლარი;
- რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება -19,090,756 ლარი;
- სხვა საწარმოო შემოსავალი 88,115 ლარი;
- საერთო მოგება/ზარალი -4,894,897 ლარი;
საოპერაციო საქმიანობა:
- ხელფასები და თანამშრომლების სხვა სარგებელი -6,035,486 ლარი;
- იჯარის ხარჯი -301,376 ლარი;
- საერთო და ადმინისტრაციული ხარჯი -302,629 ლარი;
- მარკეტინგული ხარჯი -595,121 ლარი;
- მიწოდების სხვა ხარჯი -90,759 ლარი;
- თვითმფრინავების ნაწილებისა და რემონტის ხარჯი -1,492,579 ლარი;
- ოფისისა და ძ/საშუალებების რემონტის ხარჯი -775,752 ლარი;
- დაზღვევის ხარჯი -1,673,609 ლარი;
- კომუნალურიხარჯი -40,359 ლარი;
- საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი -424,830 ლარი;
- მივლინების ხარჯი -244,069 ლარი;
- წარმომადგენლობითი ხარჯი -14,497 ლარი;
- სხვა საგადასახადო ხარჯი -11,424 ლარი;
- სამეურნეო ხარჯი -98,208 ლარი;
- სხვა ხარჯი -73,706 ლარი;
- შედეგი საოპერაციო საქმიანობიდან -17,069,301 ლარი;
სხვა ხარჯები/შემოსავლები:
- ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი -10,277,530 ლარი;
- საპროცენტო შემოსავალი 90,782 ლარი;
- საპროცენტო ხარჯი -8,756,038 ლარი;
- წმინდა შემოსავალი/ზარალი კურსთაშორის სხვაობიდან -4,863,385 ლარი;
- წლის სრული ზარალი -40,875,472 ლარი;
ავიაკომპანია MyWay-ის აქტივების ჯამური ღირებულება 132,056,108 ლარს, სრული ვალდებულებები კი, 163,833,196 ლარს შეადგენს. ვალდებულებებსა და აქტივებს შორის ასეთი სხვაობის გამო დამოუკიდებელი აუდიტორი მიუთითებს, რომ კომპანიის წინაშე არსებობს რისკი, რომ მან როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ ვერ გააგრძელოს საქმიანობა.
“გვსურს თქვენი ყურადღება შევაჩეროთ ფინანსური ანგარიშგებაში საკუთარი კაპიტალის ნაწილზე რომელიც გვიჩვენებს, რომ კომპანიის ვალდებულებები 31,77 მილიონი ლარით აღემატება მის აქტივებს 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისათვის.
ეს მოვლენა მიუთითებს განუსაზღვრელობის არსებობაზე შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ-ის უნართან დაკავშირებით, საქმიანობა გააგრძელოს, როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ,”- აღნიშნავს აუდიტორი.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს MyWay-იმ რეგულარული რეისების შესრულებიდან 8,542,403 ლარი მიიღო, ჩარტერული რეისების შესრულებით კი – 5,565,341 ლარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფრენის თვითღირებულების ხარჯებს შორის პირველ ადგილზე საწვავის ხარჯია, რაზეც MyWay-იმ 2018 წლის განმავლობაში 8,189,227 ლარი დახარჯა.
2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებას ავიაკომპანია 2020 წელს გამოაქვეყნებს. 2019 წლის პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა დატოვა.
წყარო: BM.ge