რუსეთის საავიაციო ხელისუფლების წინაშე რაიმე სახის, მიმდინარე, დავალიანებას უარყოფენ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-შიც. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იგორ აფციაური აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც Myway Airlines-მა ოპერირება დაიწყო რუსეთის საჰაერო სივრცე არაერთგზის გამოუყენებია, თუმცა კომპანია გადასახადებს დროულად იხდიდა და რუსული მხარის დავალიანება არ აქვს.

“რუსეთის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს Myway Airlines-ი 2018 წლის მაისიდან ასრულებდა. ამავე პერიოდში არაერთხელ გამოვიყენეთ რუსეთის საჰაერო სივრცე სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებისთვის. ჟუკოვსკის მიმართულებით კი რეგულარული ავიარეისების განხორციელება დავიწყეთ 2019 წლის 26 აპრილიდან და მთელი ამ ხნის განმავლობაში Myway Airlines-ი ყველა გადასახადს დროულად იხდიდა. იმავე დროს, თუ კი რუსეთ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია გააჩნია, მაშინ შეუძლია თავისუფლად მიმართოს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA)”, აცხადებს იგორ აფციაური.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები რუსეთის ფედერაციაში შეჩერდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას უკვე აცნობა. დღეისათვის კი საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი ახდენენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენების შეჩერების მიზეზად, ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება სახელდება. ავიაკომპანიებმა (Georgian Airways-მა და Myway Airlines-მა და ასევე უკვე გაუქმებულმა ავიაკომპანია Sky Georgia-მ) რუსეთის წინაშე რაიმე სახის დავალიანება უარყვეს, და განაცხადეს, რომ მათი დავალიანება არ აქვთ. 

როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისათვის ქართული მხარის დავალიანება 792 543,19  დოლარს და 592 251,95 რუბლს შეადგენს. აღნიშნული დავალიანება ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა არ დაუბრუნებია.

ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად ქართული ავიაკომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამების წარდგენა და აეროსანავიგაციო მომსახურების დავალიანების დაფარვა სახელდება.

რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მზადაა კონსულტაციები გამართოს ქართულ მხარესთან.