ავიაკომპანია Myway Airlines-ი და არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორს ორკესტრირებულად პასუხობენ. HUB Georgia მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ძლიერი ეროვნული ავია ინდუსტრიის არსებობის გარეშე, რაც თავის მხრივ კონკურენტულ გარემოზე უნდა იყოს დამყარებული. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანაში ორი მოქმედი სამგზავრო ავიაკომპანია ფუნქციონირებს და შესაძლებლობებიც პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.
15 აპრილს „მთავარი ახრის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Myway Airlines-ი და HUB Georgia არათანამაბარ პირობებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ სპეცრეისების შესრულებაში სახელმწიფომ Myway Airlines- იც უნდა ჩართოს.
აღნიშნულ ინფორმაციას კი Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა და Myway Airlines-ს ევროკავშირში ფრენების შეზღუდვის საკითხზე მიანიშნა.
“ავიაკომპანია Georgian Airways-ის დირექტორი რომან ბოკერია გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარი ახრის“ ეთერში გასულ სიუჟეტს [1]. სიუჟეტი ეთერში გავიდა 15 აპრილს, სადაც საუბარი იყო სპეციალური რეისების შესრულების ნაწილში, ქართული ავიაკომპანიებისთვის შექმნილ არათანაბარ პირობებზე და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების დარღვევაზე.
ავიაკომპანია MyWay Airlines-ის არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ მათ სპეცრეისების შესრულების შესაძლებლობა არ მისცა და დღემდე აღნიშნული ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს, რაც აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს – ხომ არ აქვს ადგილი ორმაგ სტანდარტებს და ეროვნულ ავიაკომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენტული პირობების დარღვევას?
სიუჟეტში არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia”-ს წარმომადგენლები, ნეიტრალური პოზიციიდან საუბრობენ დამატებითი სპეციალური რეისების დანიშვნის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ეროვნული ავიაკომპანიებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაზე.
როცა მთავრობის მხრიდან საუბარია ანტიკრიზისულ გეგმაზე და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ავიაციის სექტორს მიადგა. თუ დღეს სახელმწიფოს აქვს რესურსი, სპეციალური რეისების დაკვეთით შექმნას შესაძლებლობა ავიაციის სექტორისთვის, რათა ავიაკომპანიებმა შეძლონ კრიზისული მდგომარეობის გადალახვა და ბაზარზე თავიანთი ადგილის შენარჩუნება. საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანაში ორი მოქმედი სამგზავრო ავიაკომპანია ფუნქციონირებს და შესაძლებლობებიც პროპორციულად უნდა გადანაწილდეს, საუბარია MyWay Airlines-სა და Georgian Airways-ზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia წლებია უწევს ადვოკატირებას ეროვნულ ავიაკომპანიებს, რადგან მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ძლიერი ეროვნული ავია ინდუსტრიის არსებობის გარეშე. ჩვენი ურყევი პრინციპია, თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, ჯანსაღი კონკურენცია და თავისუფალი ბაზრის პრინციპები, სწორედ აქედან გამომდინარე, სრული ობიექტურობის დაცვით, ჩვენ არაერთხელ ვიზიარებდით და მეტიც, ადვოკატირებას ვუწევდით ავიაკომპანია Georgian Airways-ის ინტერესებს, სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ამ შემთხვევაში, როცა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან, აღნიშნულ სიუჟეტში, არათანაბარ კონკურენტულ გარემოსთან დაკავშირებით, ასევე მოხდა ობიექტური პოზიციის დაფიქსირება, ავიაკომპანია Georgian Airways-ის ყველასთვის ცნობილი დირექტორი ამას უტიფარი ცილისწამებით პასუხობს [2]
აღნიშნული უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, მათ შორის ჩვენი მიმართულებით განხორციელებულ ცილისწამებას.
შექმნილი მდგომარეობა, გვიბიძგებს იმისკენ, რომ გავხსნათ ფართო დისკუსია იმ უმძიმეს ვითარებაზე რომელიც შექმნილია დღეს საქართველოს ავიაციის სექტორში.
მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართული ავიაცია ვერა და ვერ განვითარდა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შექმნილიყო ახალი ავიაკომპანიები და მოეხდინათ ეროვნული ავიაციის განვითარება, ყოველ ჯერზე მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
რა უშლის ხელს ეროვნული ავიაციის განვითარებას? სად დავუშვით ბოლო 30 წლის განმავლობაში საბედისწერო შეცდომები? რა იყო სხვადასხვა ავიაკომპანიების შექმნისა და განვითარების წარუმატებლობის ფაქტორი? როგორია საქართველოს მთავრობების დამოკიდებულება ეროვნულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში? – ამ და სხვა კითხვებზე ამომწურავი პასუხების მისაღებად, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია გავმართოთ ფართო დისკუსიები, სხვადასხვა ფორმატში. ასევე მივმართავთ თხოვნით ადგილობრივ მედია საშუალებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მხარეთა სრული ჩართულობით, მოგვცენ შესაძლებლობა, დავსვათ კითხვები და მივიღოთ მათზე ამომწურავი პასუხები, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოვებულ წრეს, რომელზეც ბოლო 30 წელია ტრიალებს ქართული ავიაცია”, აცხადებენ HUB Georgia-ში.