ავიაკომპანია Myway Airlines-ის მენეჯმენტი Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორს რომან ბოკერიას პასუხობს და განმარტავს, რომ მისი განცხადებები დისკრიმინაციულია. “კონკურენტუნარიან გარემოში საქმიანობა იყო და არის მთავარი მოთხოვნა. სწორედ, ჯანსაღი კონკურენციის პირობების დარღვევა, ხდება ჩვენი საქმიანობის ხელშემშლელი და ბევრი კითხვის ნიშნის მატარებელი – ვის ინტერესში შეიძლება იყოს ყოველივე”, აცხადებენ Myway Airlines-ში.

“სრულად ვიზიარებთ მსოფლიოში და საქართველოში შექმნილ მდგომარეობას და მივიჩნევთ, რომ არ არის შესაბამისი დრო ბიზნესს გარჩევების, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლით გამოვეხმაუროთ, Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის ცილისმწამებლურ განცხადებას და მათი მხრიდან ჩვენი როგორც „ერთ დღიან” ავიაკომპანიად მოხსენიებას.

პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, Myway Airlines-ს განცხადება არ გაუკეთებია.

ჩვენს მიერ, ხაზგასასმელი საკითხი გახდა შერჩევითი დამოკიდებულება, რომელიც  ავიაკომპანია Myway Airlines-ის მიმართ არაერთხელ გამოვლენილა და ახლაც მკვეთრად იჩენს თავს.

სრულიად დისკრიმინაციულია ბატონი რომან ბოკერიას მინიშნებები „გავლენიან ჩინელ ბიზნესმენებზე“ (ციტირება განცხადებიდან). პარტნიორებზე, რომლებმაც საქართველოში  ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს.

Myway Airlines-ის დამფუძნებელი პარტნიორის მონდომებით, კომპანიაში, დაასაქმეს საქართველოს 150-მდე მოქალაქე, სამშობლოში დააბრუნეს პროფესიონალი ქართველი მფრინავები, რომლებიც გაუსაძლისი პირობების გამო, გაექცნენ Georgian Airways-ს და წლების განმავლობაში გადახვეწილები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში. Myway Airlines-ში  დაასაქმეს ახალი თაობა და სოლიდური თანხებიც გაიღეს, მათ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. 

ჩვენი მხრიდან, დღიდან დაფუძნებისა, კონკურენტუნარიან გარემოში საქმიანობა იყო და არის მთავარი მოთხოვნა. სწორედ, ჯანსაღი კონკურენციის პირობების დარღვევა, ხდება ჩვენი საქმიანობის ხელშემშლელი და ბევრი კითხვის ნიშნის მატარებელი – ვის ინტერესში შეიძლება იყოს ყოველივე. 

ასევე გაუგებარია, რას ითვალისწინებს კონკურენტი ავიაკომპანიის მხრიდან ევროკომისიის წერილის ხსენება. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან. გამოკვეთილია ბევრი „საინტერესო საკითხი“ ვინ და რა ხერხებით შეიყვანა შეცდომაში ევროპელი კოლეგები. კომპანიისათვის ხელისშემშლელი ნაბიჯები სამწუხაროდ ბევრგან გვხვდება.ჩვენი კონკურენტების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვენ წარმატებით ვასრულებთ არარეგულარულ ფრენებს, ევროპის მიმართულებითაც.

რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას Myway Airlines-ი პირველი იყო ვინც, ჩინეთიდან სამშობლოში, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყო. აქვე იმასაც დავძენთ, რომ რეისის დაგეგმვის პროცესში, ქალაქ ურუმჩიში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეების დაბინავება – ტრანსპორტირების, სასტუმროს და კვების ხარჯები, ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელის ხელშეწყობით, ადგილობრივმა ჩინეთის მოქალაქემ  გაიღო.

ჩვენმა კომპანიამ ასევე უზრუნველყო, ბულგარეთიდან  სპეციალური რეისით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა 0% მოგების გათვალისწინებით. ცნობისთვის, ავიაბილეთის ღირებულებამ მხოლოდ 100 ევრო შეადგინა. მზად ვართ, გავასაჯაროოთ,  ბურგასში შესრულებული სპეცრეისის ხარჯთაღრიცხვა. Georgian Airways-ს ​ კი ვურჩევთ, მიღებული ზარალის შესახებ გაკეთებული განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით გაამყაროს.

ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩინეთიდან საჭირო აღჭურვილობის ჩამოსატანად და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების ღონისძიებაში, მონაწილეობის მიღებას, ყველანაირი მოგების გარეშე.

ვფიქრობთ, რომ დღეს არ არის სიღრმეებში ჩასვლის და გარჩევების დრო და შესაბამის პერიოდში უნდა გაეცეს პასუხი ბევრ კითხვას. მაგალითად ისეთს, როგორიც არის რატომ არ მიეცა Myway Airlines-ს მოსკოვის რეისების სიხშირეების ათვისების საშუალება, ან იმავე აეროპორტიდან ფრენის უფლება, საიდანაც სხვა ავიაკომპანია დაფრინავდა; განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა და ასე შემდეგ.

მიუხედევად მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელმაც ჩვენს კომპანიას დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა, აზრადაც არც მოგვსვლია, ასეთ რთულ დროს, მთავრობისთვის ჩვენი კომპანიის სუბსიდირების თხოვნით მიგვემართა. დღეის მდგომარეობით, კომპანიას არ გააჩნია, ფინანსური ვალდებულებები, არცერთი უწყებისა თუ კომპანიის მიმართ. რასაც ვერ ვიტყვით მილიონობით დაგროვებულ ვალზე, რომელსაც „აირზენას“ წლების განმავლობაში პატიობენ.   

ვფიქრობთ, რომ  უღირსი კომენტარებით  და შერჩევითი დამოკიდებულებით ბიზნეს ურთიერთობების განვითარება შეუძლებელია.  

ავიაცია არის სფერო, რომელშიც ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია მოწინავე პოზიციები დავიკავოთ, მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვჯერა, რომ ერთად დგომა, არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც გადაგვარჩენს!”, აღნიშნულია Myway Airlines-ის განცხადებაში.